მახვილცხვირა კეფალი

მახვილცხვირა კეფალი

მახვილცხვირა კეფალი (Mugil saliens). თევზი კეფალისებრთა ოჯახისა (Mugilidae). შავი ზღვის მ. კ-ის სიგრძეა 35–40 სმ. ქარავნული თევზია. კარგად იტანს როგორც ზღვის მლაშე, ისე მტკნარ წყლებს. სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან, მრავლდება ივნისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფიერება 500 ათ. – 2,1 მლნ ქვირითია. იკვებება შლამიან ზედაპირზე გადაკრული პერიფიტებით, ჭიებით, მოლუსკებით, კიბოებით, ლიფსიტებით, დეტრიტით, პლანქტონით. შავი ზღვის საქართვ. სანაპიროსთან გავრცელებულია ყველგან. თევზი შედის მდ-ების (სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი) შესართავებსა და ტბებში (პალიასტომის ტბა). გვხვდება ატლანტის ოკეანეში სამხრ. აფრიკიდან ჩრდ. ჟირონდამდე, ხმელთაშუა და აზოვის ზღვებში, კასპიის ზღვაში გადაიყვანეს 1930. ინტროდუცირებულია ირანში. სარეწაო მნიშვნელობის თევზია, ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიხედვით საჭიროებს ზრუნვას (LC).

ნ. ნინუა