მახინჯაურის განძი

მახინჯაურის განძი, ბრინჯაოს ნივთების განძი სოფ. მახინჯაურიდან (ხელვაჩაურის მუნიციპ., მდ. ყოროლისწყლის ხეობა). განძის შესახებ ცნობები დაცულია ლიტ. წყაროში. იგი აღმოუჩენიათ XX ს. დასაწყისში. თიხის ჭურჭელში ცალ-ცალკე მოთავსებული ნივთები მიწაში ყოფილა ჩაფლული. გადმოცემის მიხედვით, განძი შედგებოდა ბრინჯაოს თოხებისგან, სეგმენტური და წალდის მაგვარი იარაღებისაგან, ასევე განსაკუთრებული ტიპის ფართოპირიანი ბრინჯაოს ცულისაგან. განძთან ერთად აღმოუჩენიათ ქურა (სახელოსნო) საცეცხლურის ნაშთებით. ამ საინტერესო განძის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება რუსი არქეოლოგის ა. იესენის ნაშრომში. წერილობით ინფორმაციაზე დაყრდნობით, ე. პახომოვა, რ-საც თითქოს უნახავს მ. გ., მიიჩნევს, რომ ის, სავარაუდოდ, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით უნდა დათარიღდეს. ამჟამად განძის ბედი უცნობია.

ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965; Иессен А., К вопросу о древнеишей металлургии меди на Кавказе, „Известия Гос. академии истории материальной културы“, 1935, в. 120.

ლ. ჯიბლაძე