მახუნცეთის ხიდი

მახუნცეთის ხიდი, ქვის თაღოვანი ხიდი აჭარის არ-ში, ქედის მუნიციპალიტეტში, მდ. აჭარისწყალზე, სოფ. ზედა მახუნცეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, განეკუთვნება XI–XII სს. ხიდი ნაგებია კლდის ქვით კირის დუღაბზე. იგი ეყრდნობა მოვაკებულ ადგილზე სხვადასხვა სიმაღლის ბურჯებად გამოყენებულ ბუნებრივ კლდეს. ხიდის სიგრძეა (ბურჯიდან ბურჯამდე) 19,5 მ, სავალი ნაწილის სიგრძე – 28,7 მ, სიგანე ცვალებადია და მერყეობს 2-იდან 2,5 მ-მდე, თაღის სიმაღლე წყლის დონიდან – დაახლ. 6 მ. სიძველის მიუხედავად ხიდს ამჟამადაც შენარჩუნებული აქვს თავისი ფუნქცია. მ. ხ-ს 2006 მიენიჭა ეროვნ. მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. 2008 ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.