მაჯო (Maqqio) ფრანჩესკო-მარია

მაჯო (Maggio) ფრანჩესკო-მარია (1612, პალერმო, – 1686), თეატინელი ბერი, მისიონერი. საქართველოში ჩამოვიდა 1637 ავიტაბილეს მოწვევით და რვა წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თავდაპირველად გორში, შემდეგ – სამეგრელოში, ძირითადად კი – გურიაში. 1643 რომში ლათ. ენაზე გამოსცა ნაშრომი „თხზულება აღმოსავლური ენების შესახებ, რომლებიც საქართველოს მხარეებში იხმარება“ (მეორე გამოც. 1670). წიგნის პირველი ნაწილი არის  „...ქართული, ანუ იბერიული სასაუბრო ენის გრამატიკული წესები“ („.. Georgianae, seu Iberiae vulgazis linguae – Institiones grammaticas“).

გრამატ. ნაწილი შედგება ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსისა და პროსოდიისაგან. იგი იწყება ქართ. ანბანით (ასოები და ასოთა სახელები) შესაბამისი ლათინური ტრანსლიტვრებითურთ, რ-ებიც შექმნილია ქართ. ბგერების თვისებათა გათვალისწინებით. ავტორი ემყარება ს. პაოლინისა და ნ. ირბაქის (ნ. ჩოლოყაშვილი) ტრანსლიტერაციის წესებს. აქვე ფონეტიკურად გაანალიზებულია თანხმოვნები და ხმოვნები წარმოების ადგილისა და რაგვარობის მიხედვით; მოცემულია პროსოდიული დახასიათებაც.

მორფოლოგიურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართ. ენას არა აქვს სქესის კატეგორია; სახელს აქვს ექვსი ბრუნვა (გამოყენებულია ლათ. ენის სქემა): სახელობითი, ნათესაობითი, მიცემითი, ბრალდებული, წოდებითი და გამოსვლითი (მოთხრობითის ფორმები სახელობითის ვარიანტად არის მიჩნეული); ხმოვანფუძიან სახელებში ბრალდებითი ბრუნვა სახელობითისგან განსხვავებულია ი სუფიქსით (სახ. მთა – ბრალდ. მთა-ი). უკვეცელ სახელთა მიც. და ნათ. ბრუნვების ფორმები ემთხვევა ერთმანეთს (ნათ.–მიც. ხბოსა, დროსა), ებ-იანი მრავლობითის გვერდით განხილულია ნართანიანი მრავლობითის ფორმებიც. ცალკე განიხილება ნაცვალსახელები, მოცემულია პირისა და კითხვით ნაცვალსახელთა ბრუნება.

მნიშვნელოვანია მ-ს დაკვირვება უღლების ფორმებზე: თხრობით კილოში, ლათინურისაგან განსხვავებით, ექვსი მწკრივია (დაემატა თურმეობითი I – Praeteritum pezfectum magis propingum – „ყველაზე უფრო ახლო მყოფი ნამყო სრული“). ბრძანებითში სწორად არის გამოყოფილი მოდი, მოვიდეს ფორმები, სხვები კი საჭიროებს შესწორებას. მ. გამოყოფს ნატვრით კილოსაც, რ-საც აწარმოებს თხრობითის ფორმაზე დართული ნაეთანს („ნეტამც“) ნაწილაკი. გამოყოფილია სუბიექტ. I და III პირთა ნიშნები: ვ-, ა, -ს, შესაბამისად, ასევე ობიექტურ პირთა მ-(I), გ-(II) და უ-(III) პრეფიქსები, შენიშნულია სუბიექტური II პირის ხ- პრეფიქსი თავის ადგილას სამ ზმნაში (ხარ, მოხვალ, შეხიქ „გააკეთებ“), თუმცა პირთა ანალიზისას ის ცალკე არ განიხილება.

მ. ცალ-ცალკე თავებში მსჯელობს ზმნიზედათა, შორისდებულთა და კავშირთა შესახებ; მორფოლოგიაშივეა განხილული სახელთა წარმოქმნის მნიშვნელოვანი სახეობები.

სინტაქსში მოცემულია შეთანხმებისა და მართვის წესები სახელთა შორის, სახელსა და ზმნას შორის ბრუნვებისა და რიცხვის მიხედვით, პროსოდიაში განხილულია სიტყვაში მახვილის შემთხვევები.

XVII–XVIII სს. ევროპელი მეცნიერები ქართ. ენას მ-ს ნაშრომით ეცნობოდნენ.

ლიტ.: ვათეიშვილი ჯ., პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები, თბ., 1983; კალანდია გ., ოქროს საწმისის ნადავლით აღჭურვილი ახალი არგონავტი, „ისტორიანი“, 2018, №6 (90); ორლოვსკაია ნ., ფრანცისკო-მარია მაჯო და მისი ქართული ენის გრამატიკა, თბ., 1972; ჩიქობავა არნ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965.

თ. უთურგაიძე