მაჰონია

ჭყორფოთოლა მაჰონია

მაჰონია, ჭყორფოთოლა (Mahonia), მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 100-მდე) სახეობის მარადმწვანე ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა. უმთავრესად გავრცელებულია ჩრდ. და ცენტრ. ამერიკაში. რამდენიმე სახეობა გვხვდება აღმ. აზიაშიც. საქართველოში ინტროდუცირებულია 7 სახეობა, მეტწილად – ჭყორფოთოლა და იაპონური მ. ჩრდილოამერ. ჭყორფოთოლა მ. (M. aquifolium) მარადმწვანე ბუჩქია, რ-ის სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს მუქი მწვანე, შემოდგომით მოწითალო-ბრინჯაოსფერი ფოთლები, კაშკაშა ყვითელი ყვავილები და ლეგა ნაფიფქიანი მოლურჯო-მოშავო კენკრა ნაყოფი. დეკორ. მცენარეა. იყენებენ ბაღ-პარკების მშენებლობაში. მრავლდება თესლით, ფესვის ამონაყარით, კალმით.

ვ. სხიერელი