მგლინავასებრნი

ჩვეულებრივი მგლინავა
ბაღის მგლინავა

მგლინავასებრნი (Certhiidae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 გვარს: ნამდვილ მგლინავებსა (Certhia) და ლაქებიან მგლინავებს (Salpornis). გავრცელებულია ევროპის, აზიის (სამხრ-ით ჰიმალაის მთებამდე), აფრიკისა და ამერიკის ტყეებში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: ჩვეულებრივი მგლინავა (C. familiaris) და მოკლეთითა, ანუ ბაღის მგლინავა (C. brachydactyla). ბუდეს იკეთებენ ხის ბზარებსა და ქერქის სიცარიელეებში. დედალი 4–7 კვერცხს დებს და 2 კვირას კრუხობს. მ. ობობებითა და მწერებით იკვებებიან. ბუნებაში ეს სახეობები შესახედავად თითქმის ერთნაირები არიან, მაგრამ კარგად განირჩევიან ჭიკჭიკით. ორივე სახეობა ბინადრობს ყველა ტიპის ტყეში, მაგრამ თუ მათი არეალების გადაფარვა ხდება, მაშინ ჩვეულებრივი მგლინავა არჩევს წიწვოვან ტყეს, ხოლო მოკლეთითა – ფოთლოვანს.

რ. ჟორდანია

ა. ბუხნიკაშვილი