მდედრობითი გვიმრა (Athyrium filix femina), მრავალწლოვანი ბალახოვანი დეკორატიული მცენარე ათირიუმისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ტყის ზონაში ტენიან დაჩრდილულ ადგილებში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტყის გვიმრაა. კოლხეთში გვხვდება ტყის ყველა სარტყელში, აღმ. საქართველოში – ძირითადად ტყის ზედა სარტყელში, ნაწილობრივ – შუაშიც. კარგად ხარობს ტენიან ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში 1300–2000 მ-მდე, სადაც იგი ხშირად ბალახოვანი საფრის დომინანტია. იზრდება საქართვ. ყველა რ-ნში ჯავახეთის, ქიზიყისა და გარდაბნის გარდა.
ი. მიქელაძე