მდელოს ფარვანა (Loxostege sticticalis), მწერი ქერცლფრთიანების რაზმისა. პეპელას ფრთების შლილია 18–26 მმ. მონაცრისფრო-ყავისფერ წინა ფრთებზე აქვს მოშავო-მურა ლაქები, უკანა ფრთები მურა-ნაცრისფერია. ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში პირველად აფხაზეთში შენიშნეს 1929. მრავლდება პერიოდულად. მატლი ძლიერ აზიანებს შაქრის ჭარხალს, ერთწლოვან და მრავალწლოვან პარკოსნებს, მზესუმზირას, ბამბას, ეთერზეთოვან და ბოსტნეულ კულტურებს, სამკურნალო მცენარეებს, სარეველა ბალახებს. საქართველოში მ. ფ. 3 თაობას იძლევა (შეიძლება მე-4 თაობის განვითარებაც).
ბრძოლის ღონისძიებანი: მზრალად ხვნა. ინსექტიციდების გამოყენება მატლების წინააღმდეგ; კვერცხის დების დროს ტრიქოგრამების გაშვება.
ე. რაჭველიშვილი