მდივანი

მდივანი, მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ქართულ ისტ. დოკუმენტებში XV ს-იდან დასტურდება. მ. სამდივნოს ცენტრ. ფიგურა იყო და იგი სახლთუხუცესის უწყებას ეკუთვნოდა. XV–XVII სს. ქართველ მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად საქმიანობდა რამდენიმე მ., რ-ებიც მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ. მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლ. წერილების შედგენა. „დასტურლამალის` მიხედვით, მ. სარგოს ყველა იმ წყაროდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.

გვიან ფეოდალურ საქართველოში მ. ასრულებდა საკანცელარიო სამუშაოს (სხვადასხვაგვარი საბუთის შედგენა, მიმოწერა), ესწრებოდა სასამართლო სხდომას და მონაწილეობდა საქმის განხილვაში (სასამართლო პროცესის დროს მას წინ ედო სამართლის წიგნი, იგი იწერდა საჩივარს, კითხულობდა შესაბამის მუხლს და სხვ.).

დარბაზობის დროს მ-ს გამზადებული ჰქონდა ქაღალდი და საწერ-კალამი, რათა მეფის ბრძანება ან დარბაისელთა სიტყვა ჩაეწერა. მ. განათლებული, ენების მცოდნე და მწერლობაში დახელოვნებული პირი იყო. საფუძვლიანად იცოდა სიგელთმცოდნეობის წესები. მ. „ტურფა მწერალი“, ანუ კალიგრაფი იყო, ამიტომ ისინი ცნობილი ლიტერატორები და გადამწერები იყვნენ. თავისი ფუნქციით მ. ადრინდ. მწიგნობარს შეესატყვისებოდა. ამ 2 თანამდებობის სახელი „მდივან-მწიგნობრის“ სახითაც გვხვდება. მ-ის სამოხელეო ნიშანი იყო საწერელი.

ტერმინი „მდივანი“ აგრეთვე აღნიშნავს მოსამსახურეს, რ-იც განაგებს საქმისწარმოებას, კერძოდ, დაწესებულების, ორგანიზაციისა თუ ცალკეული პირის (მეცნიერის, სახელმწ. მოღვაწის, მწერლის და სხვ.) საქმიან მიმოწერას. არსებობს ასევე სასამართლოს მ., რ-ის მოვალეობაა ოქმის შედგენა, მოქმედებისა და გადაწყვეტილების, აგრეთვე სასამართლო პროცესში მონაწილე პირთა მოქმედების სრული და ზუსტი გადმოცემა.

ლიტ.: გაბაშვილი ვ., დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13; მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 2, თბ., 1983; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952.

მ. კლდიაშვილი