მდივანი ჯემალ მალხაზის ძე (26. III. 1945, ზესტაფონი, – 18. V. 2004, თბილისი), მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. სახ. არტისტი (1985). 1968 დაამთავრა თბილ. დ. არაყიშვილის სახ. I სამუსიკო სასწავლებელი (პედ. პ. ხურციძე, ვოკალი), 1973 – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პედ. დ. მჭედლიძე, ვოკალი). 1972–2004 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. მ-ის რეპერტუარში შედიოდა ქართ. და ევრ. საოპერო, აგრეთვე ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული პარტიები: მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ჩალხია, თარაში (ო. თაქთაქიშვილის „მინდია`, „მთვარის მოტაცება“), გელა (რ. ლაღიძის „ლელა), იოქანაანი (რ. შტრაუსის „სალომე“, პირველი დადგმა საქართველოში, 1984), ჟერმონი, დი ლუნა, მარკიზ დი პოზა, ამონასრო, რიგოლეტო, იაგო (ჯ. ვერდის „ტრავიატა“, „ტრუბადური“, „დონ კარლოსი“, „აიდა“, „რიგოლეტო“, „ოტელო“), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ესკამილიო (ჟ. ბიზეს „კარმენი“), სილვიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ფიგარო (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ონეგინი, რობერტი, ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „იოლანტა“, „პიკის ქალი“), ს. ცინცაძის კანტატა „დიდების გზა“, და სხვ. მის რეპერტუარში იყო ქართ. და რუს. კლასიკური რომანსები. მ. არის ზ. ფალიაშვილის სახ. ვოკალისტთა (თბილისი, 1971), ამიერკავკ. მუსიკოს-შემსრულებელთა (ბაქო, 1972), გლინკას სახ. ვოკალისტთა საკავშ. (მოსკოვი, 1975) კონკურსების I პრემიის, ხოლო პ. ჩაიკოვსკის სახ. საერთაშ. (მოსკოვი, 1976) და ფ. ვინიასის ვოკალისტთა საერთაშ. (ბარსელონა, 1977) კონკურსების II პრემიის ლაურეატი. მიღებული აქვს ზ. ფალიაშვილის პრემია (1972), ღირსების ორდენი (1999).
ლიტ.: ქუთათელაძე რ., „აბესალომ და ეთერის“ დაბრუნება, „თეატრალური მოამბე“, 1986, №2; ჩინჩალაძე-მარი თ., მომნუსხავი სიმღერა, „მუსიკა“, 2016, №3(28).
რ. ქუთათელაძე