მდოგვი

თეთრი მდოგვი

მდოგვი, ბალახოვანი მცენარეები ჯვაროსანთა (კომბოსტოსებრთა) ოჯახის Sinapis და Brassica-ს გვარებისა. Sinapis გვარი მოიცავს 7–10 ერთწლოვან, იშვიათად მრავალწლოვან სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდ. აფრიკასა და აზიაში. მეტწილად სარეველა მცენარეებია.

საქართველოში გავრცელებულია ორი სახეობა: თეთრი მ. (S. alba), იზრდება მთის შუა სარტყლამდე მინდვრებსა და დანაგვიანებულ ადგილებში; მინდვრის მ. (S. arvensis) ნათესების სარეველაა და ზოგჯერ გზის პირებსა და ბოსტნებშიც გვხვდება. Brassica-ს გვარიდან მ-ს მიეკუთვნება სარეპტის მ. (B. juncea), რ-ის სიმაღლე 1,5 აღწევს. მოჰყავთ ევროპასა და აზიაში. ჩვენში ნათესების სარეველაა. იზრდება აფხაზეთსა და აჭარაში. შავი მ. (B. nigra) მოჰყავთ მცირე აზიაში, ევროპასა და ამერიკაში.

მინდვრის მდოგვი

მ-ის თესლისაგან ამზადებენ ზეთს (სარეპტის მ-ის თესლში 35–40% ზეთია, თეთრ მ-ში – 25–34%), იყენებენ აგრეთვე პურის საცხობებში, საკონდიტრო, საკონსერვო და საპარფიუმერიო მრეწველობაში, ასევე მისგან მზადდება სანელებელი. მ-ის კოპტონისაგან მზადდება მ-ის ქაღალდი და სუფრის მ. სარეპტის მ-ის ძირხვენიან და ფოთლოვან ჯიშებს ბოსტნეულის მსგავსად ჭამენ. თეთრ მ-ს ჭოტების წარმოქმნამდე იყენებენ საქონლის საკვებად. საქართველოში ფოთლოვანი მ. მოჰყავთ სასალათედ.