მეაბრეშუმეობის მუზეუმი

მეაბრეშუმეობის მუზეუმი

მეაბრეშუმეობის მუზეუმი, თბილისის აბრეშუმის მუზეუმი. 1887 თბილისში, მუშთაიდის ბაღში, ჩამოყალიბდა კავკ. სააბრეშუმო სადგური, რ-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი იყო მოსკ. სას.-სამ. საიმპერატორო საზ-ბის კომიტეტის წევრი, მეცნიერ-ზოოლოგი ნ. შავროვი (1858–1915). აბრეშუმის საქმის შესასწავლად იგი სპეციალურად იყო მივლინებული საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთში; მან კავკ. მეაბრეშუმეობის სადგური ევრ. მოდელის მიხედვით შექმნა; ითვალისწინებდა ლიონის სააბრეშუმო მუზეუმის გამოცდილებას და მთელი ცხოვრების განმავლობაში თბილისში იღებდა საჭირო მასალების გზავნილებს. კავკ. მეაბრეშუმეობის სადგური არა მარტო პრაქტიკულ, არამედ საგანმან. და კვლევით საქმიანობასაც ეწეოდა, ასევე გამოსცემდა შრომებს. თავდაპირველად აქ განვითარებული იყო მეფუტკრეობაც. კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დაქვემდებარებაში შედიოდა ნუხისა (სოფ. ვართაშენი) და შუშის (სოფ. სეიდლი, აზერბაიჯანი) მაზრებისა და ზაქათალის ოლქის მეაბრეშუმეობის სადგურები.

სააბრეშუმო სადგურის გახსნისთანავე დაარსდა აბრეშუმის მუზეუმი, სადაც განთავსდა ნ. შავროვის მიერ შერჩეული ევრ. და კავკ. აბრეშუმის კოლექციები, რ-ებიც დღესაც იქცევს საზ-ბის ყურადღებას.

მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობის ქვეყნებიდან შემოსული კოლექციები, ეექსპონატების მრავალფეროვნებით მუზეუმს სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების რიგში. იქვე ფუნქციონირებს ბ-კაც, სადაც ინახება მრავალფეროვანი რამდენიმეენოვანი საბუნებისმეტყველო ლიტ-რა და მუზეუმის თანამშრომელთა შრომები, ასევე XIX ს. წიგნების მდიდარი კოლექცია (30 ათ. ც.), რ-ებიც უმთავრესად აბრეშუმის საკითხებს ეხება. აქვე წარმოდგენილია ქართ. ნატურალური აბრეშუმის წარმოების კულტურა და ისტორია, ახ. ტექნოლოგიები (თუთის თესლიდან აბრეშუმის ქსოვილამდე), მისი ცენტრ. კოლონა ეთმობა ნაირფეროვანი ქართ. აბრეშუმის ნიმუშთა კოლექციას. 1930–52 კავკ. სააბრეშუმო სადგურის ბაზაზე განთავსებული იყო საკავშ. დაქვემდებარების მეაბრეშუმეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-საც დაექვემდებარა მუზეუმი და ბ-კა (1953-მდე). 1953–69 შენობის სახურავის დაზიანების გამო იგი დროებით დაიხურა. მეაბრეშუმეობის ინ-ტის თანხმობით, 1986 მუზეუმის შენობა გადაეცა სპორტსაზოგადოება „დინამოს“, რ-მაც მოითხოვა მუზეუმისა და ბ-კის გადატანა, მაგრამ ქართ. საზ-ბის ძალისხმევით ორივე ადგილზე დარჩა და მეაბრეშუმეობის სამმართველოს დაექვემდებარა. 1990 წ. 14 ოქტომბერს აღდგენილი და განახლებული აბრეშუმის მუზეუმი მნახველთათვის გაიხსნა.

1998 მუზეუმი შევიდა ETN-ის წევრ-ქვეყნების აბრეშუმის მუზეუმების, აგრეთვე „აბრეშუმის დიდი გზის“ ტურისტულ ობიექტთა ნუსხებში. იმავე წელს მის კოლექციებს შეემატა „პლატინის ვარსკვლავის“ დიპლომი, რითაც ქართ. აბრეშუმი დაჯილდოვდა მადრიდში ევრ. მსოფლიო ხარისხის კომიტეტის მე-14 დათვალიერება-კონკურსზე. 1999 მუზეუმის ბაზაზე დაარსდა აბრეშუმის სახლი.

თბილ. აბრეშუმის მუზეუმი მსოფლიოში ერთადერთია, რ-მაც XIX ს. 80-იან წლებში დაარსებისთანავე დაიდო ბინა მისთვის საგანგებოდ აგებულ შენობაში (პროექტის ავტორი – ა. შიმკევიჩი). ეკლექტიკური სტილის ორსართულიანი შენობა გუმბათიანია. მას ამჟამად ეროვნ. მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ამჟამად მუზეუმში მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. იხ. აგრეთვე სტ. მეაბრეშუმეობა.

თ. ალიბეგაშვილი

მ. ბაქრაძე.