ლეჟავა გიორგი ილიას ძე [21. VI (4.VII), 1903, სოფ. ლახუნდარა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 6. I. 1977, თბილისი], არქიტექტორი. საქართველოს ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით (1929) და მოსკოვის არქიტ. აკად. დახელოვნების ფაკ-ტი (1939–41, 1945–46). II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. საკონკურსო პროექტები: „მრეწველობის სახლი“ თბილისში (1930, პირველი პრემია); „ტექნიკის სასახლე“ მოსკოვში (1933, საკავშ. კონკურსი: წამახალისებელი პრემია არქიტ. მ. ჯანდიერთან ერთად), მუზეუმი „მეტეხი“ თბილისში (1939, პირველი პრემია); თბილისში ლ-ის ნამუშევრებია: საქართვ. მთავრობის სახლის ზემო (1938) და მთავარი (1953, ორივე ვ. კოკორინთან ერთად) კორპუსები; საქართვ. მეცნ. აკად. კომპლექსის გენ. გეგმა (1947), ხელნაწერთა ინ-ტი (1966, თ. თოდრაძესა და ვ. ცუხიშვილთან ერთად); აკად. ფუნდამენტური ბ-კა (1969, ი. ლიბერმანთან ერთად); მათემატიკის ინ-ტი (1970, ვ. ცუხიშვილთან ერთად), საქართვ. მეცნ. აკად. გამომცემლობა და სტამბა „მეცნიერება“ (1960); აგრეთვე კულტურისა და დასვენების პარკი გურჯაანში (1955– 60); რკინიგზის პავილიონი „აგარაკი“ ახალ ათონში (1964) და სხვ.;
ლ-მ აზომა და შეისწავლა ქართ. საცხოვრებელი სახლები (სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი) და მრავალი არქეოლ. ძეგლი. ავტორია ქართული ხუროთმოძღვრებისადმი მიძღვნილი რამდენიმე წიგნისა. ლ. წარმატებით მუშაობდა გრაფიკის დარგშიც (ოფორტი, ექსლიბრისი).
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თ. გერსამია