ლევან I დადიანი

ლევან I დადიანი, ოდიშის მთავარი 1533–72, მამია III დადიანის ძე. თავდაპირველად ლ. I დ. ცნობდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის უზენაესობას და ერისთავთერისთავის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ამავე დროს, სრული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. 1548 ბაგრატ III-მ ლ. I დ. სადარბაზოდ მიიწვია, დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგ ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა, შემდეგ კი როსტომ გურიელის დახმარებით სამთავრო ტახტი დაიბრუნა. 1557 ლ. I დ-ს იმერეთის მეფე ბაგრატ III და გიორგი II გურიელი დაუპირისპირდნენ. იგი იძულებული გახდა სტამბოლში გამგზავრებულიყო. ოსმალეთის ხელისუფლებამ ცნო ოდიშის დამოუკიდებლობა და ლ. I. დ-მა ხელმწიფის ტიტული მიიღო. იგი ოსმალთა დახმარებით გურიის მთავარს შეურიგდა. მათ ჭილაძეების სამფლობელო დაიპყრეს და გაინაწილეს.

წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

თ. ბერაძე