ლამპრობა

ლამპრობა (სვან. ლიმპჲარ, დეცეშ ლამპრობ, სუიმნიშ, სუიმნიშლამპრობ), ადრესაგაზაფხულო დღესასწაული ძველ საქართველოში. დღემდე ხალხურმა ყოფამ იგი სრული სახით მხოლოდ სვანეთში შემოინახა, თუმცა დღეობის შესახებ ჯერ კიდევ არის ხსოვნა შემორჩენილი აღმ. საქართვ. მთიანეთსა (მთიულეთი, გუდამაყარი, ხევი, ფშავი, ხევსურეთი) და გურიაში. ლ-ის დღესასწაული ძირითადად 2 (ძვ. სტ.) თებერვალს იმართებოდა. მოსახლეობა ლ-ს მოსავლიანობას, საქონლის, ადამიანის გამრავლებას და კარგ ამინდს შესთხოვდა. თავისი შინაარსით ლ. ძვ. მიწათმოქმედ ხალხთა ტიპური დღესასწაულია. ქვემო სვანეთში დღესასწაულზე წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისაგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ; მათი რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. ზემო სვანეთში ლ. კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და ბერიკაობა-ყეენობის სვან. ვარიანტის მსგავსად იმართებოდა. ირჩევდნენ „კეისარს“, მის „ცოლებს“ და „ვეზირებს“. სოფ. ლახირის (მესტიის მუნიციპ.) მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, სადაც იმართებოდა ზედაშის რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი „მესვიმნიშის“ ოჯახში მიდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგის მიხედვით თემის მასპინძელიც იყო; იქ მღეროდნენ კვირიას სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რ-ებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული „ლამპრული“. მეორე დღეს – წმ. გიორგისა და წმ. მარიამის ლ., უფრო მოგვიანებით – ცის ლ. ლ-ს „სვიმნობასაც“ უწოდებდნენ. დღესასწაულმა სახელწოდება სვიმონ ღვთისმიმრქმელის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც მოხდა ძვ. და ახალი რიტუალების შერწყმა და ლ-მ ქრისტიანული შინაარსი შეიძინა). ლ-ის რიტუალი მირქმის სახელით იხსენიება „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ (XI ს.). საეკლესიო კალენდრის მიხედვით ლ. და მირქმის დღესასწაული 2 თებ. (ძვ. სტ.) აღინიშნება (იხ. მირქმა).

ლიტ.: აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ნ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, თბ., 1991; გუჯეჯიანი რ., ლამპრობის ტრადიცია საქართველოში, „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“, 2015, [ტ.] 16, სვანური პროზაული ტექსტები, [ტ] 1 – ბალსზემური კილო, ტექსტები შეკრიბეს ა. შანიძემ და ვ. თოფურიამ, თბ., 1939.

ი. სურგულაძე