აფხაზეთი: 1. ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინი. ისტ. წყაროებში 3 მნიშვნელობით იხმარება: ა. როგორც საკუთრივ აფხაზეთის ‒ საქართველოს ისტორიული პროვინციის ‒ სახელწოდება (იხ. ქვემოთ); ბ. მთელი დას. საქართველოს სახელწოდება მას შემდეგ, რაც VIII ს. 70-იან წლებში აფხაზთა მთავრის ლეონ II-ის დროს გაერთიანდა ეს რეგიონი. ამ მნიშვნელობით ტერმინი შემონახულია XVIII ს. ბოლომდე „აფხაზეთის კათალიკოსის“ ტიტულატურაში; გ. მთელი საქართველოს სახელწოდება (განსაკუთრებით უცხოურ ‒ არაბ., სპარს., რუს. წყაროებში) XI – XIV სს-ში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა ერთიანი საქართველოს ფეოდ. მონარქია.
2. საქართველოს უკიდურესი ჩრდ.-დას. ისტორიული პროვინცია. ამჟამად ა-ის ჩრდ. საზღვარი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის თხემს გასდევს, სამხრ-ით და სამხრ.-დას-ით შავი ზღვა აკრავს, ჩრდ.-დას. საზღვარი მდ. ფსოუზე გადის, ხოლო აღმ. ‒ სვანეთ-აფხაზეთის ქედზე და მდ. ენგურზე (ქვემო დინებაზე). ქართ. წყაროებში პირველად იხსენიება VIII ს-ში, ბერძნ. წყაროებში „აბაზგია“ ეწოდება. ა-ის ტერიტ. კოლხეთის სამეფოს მიეკუთვნებოდა. ისტ. წყაროებით დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. I ათასწლეულში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები, ეთნიკური კუთვნილების მიხედვით გაურკვეველ ტომებთან ერთად. ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან აქ მოიხსენიებიან აგრეთვე აბაზგები, აფშილები, სანიგები. ასევე, არიანეს (II ს.) ცნობით, ამავე ხანაში ჩამოყალიბდა ამ ტომებით დასახლებული პოლიტ. ერთეულები (იხ. აბაზგია, აფშილეთი, სანიგეთი), რ-ებიც შემდგომში ეგრისის (ლაზიკის) სამეფოში შედიოდნენ. თავდაპირველად ა. (აბაზგია) გაცილებით მცირე იყო: V–VI სს-ში მისი აღმ. საზღვარი ცხუმსა და ანაკოფიას შორის გადიოდა, ხოლო დასავლეთი ‒ მდ. აბასკოზე, რ-საც აიგივებენ მდ. ბზიფთან, ფსოუსთან ან მზიმთასთან. ამ დროს იგი ლაზიკის (ეგრისის) სამეფოს ვასალური ორი მცირე სამთავროსაგან შედგებოდა, რ-თა ცენტრები იყო ბიჭვინთა და ანაკოფია. VII ს. დასაწყისში ბიზანტ. კეისარმა ჰერაკლემ თავისი წარმომადგენელი დასვა ანაკოფიაში ერისთავად (არქონტად) და ამიერიდან, იმპერიის ხელშეწყობით გაერთ. და გაძლიერებული ა., რ-მაც აფშილეთის ნაწილიც შეიერთა მდ. კელასურამდე, ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოექცა.
VIII ს. 30-იანი წლებიდან ა-ის ერისთავმა ქართლის ერისმთავრის ‒ არჩილის ვასალობა იკისრა. VIII ს. II ნახევარში, მთავარ ლეონ II-ის დროს, მთელი დას. საქართველო გაერთიანდა, შეიქმნა „აფხაზთა სამეფოდ“ წოდებული ქართული სახელმწიფო (ცენტრი‒ქუთაისი), ხოლო ლეონმა თავი „აფხაზთა მეფედ“ გამოაცხადა. ამ დას. ქართული სამეფოს ტერიტორიაზე შეიქმნა 8 საერისთავო (მ. შ. უშუალოდ ა-ის ძვ. ბიზანტიური საერისთავოს ფარგლებში 2 საერისთავო: საკუთრივ ა-ისა და ცხუმის, რ-მაც მოიცვა მთელი ძვ. აფშილეთი მდ. ღალიძგამდე). საკუთრივ ა-ის საერისთავოს საზღვარმა ჩრდ.-დას-კენ შორს გადაინაცვლა. X ს-ში უკიდურესი სტრატეგიული პუნქტი ამ მიმართულებით ციხე-ქალაქი ნიკოფსისი (ნიკოფსია) იყო.
ასეთ ფარგლებში გაერთიანდა ეს ტერიტორია XII ს-ში ცხუმის საერისთავთერისთავოს ადმ. ერთეულში, რ-ის სათავეშიც შარვაშიძეები|შარვაშიძეთა ქართული ფეოდ. გვარის წარმომადგენელი იდგა. XIII ს. 90-იან წლებში მისი აღმ. ნაწილი (ძველი, VIII–X სს. ცხუმის საერისთავო) ოდიშის საერისთავთერისთავოს შეუერთდა. XV ს-იდან, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგაც, შარვაშიძე ოდიშის მთავრის ქვეშევრდომი იყო. XVII ს. I ნახევარში საზღვარი ა-სა და ოდიშს შორის კვლავ მდ. კელასურზე გადიოდა. ამ დროისათვის დამახასიათებელი საერთო სოც.-ეკონ. და კულტ. დაქვეითების და ჩრდ. კავკასიიდან თანდათანობით შემოღწეული მოსახლეობის აქ დამკვიდრების შედეგად ა. XVII–XVIII სს-ში ცალკეულ ფეოდალურ-თემობრივ ტერიტ. ერთეულებად იყო დაყოფილი, რ-თა სათავეში სხვადასხვა გვარის წარჩინებულთა წარმომადგენლები იდგნენ. მ. შ. კვლავ შარვაშიძეები პირველობდენენ, რ-ებიც აღიარებდნენ ოდიშის მთავრის უზენაესობას. XVII ს. ბოლო მესამედში, როდესაც მთელი დას. საქართველო საშინელმა ფეოდ. ანარქიამ მოიცვა, შარვაშიძეები ახერხებენ ტერიტორიის გაფართოებას ‒ შეიერთეს სამეგრელოს ნაწილი ჯერ მდ. ღალიძგამდე, ხოლო XVII–XVIII სს. მიჯნაზე ‒ მდ. ენგურამდე. ამ ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, ნაწილობრივ ამოწყვეტილი, ნაწილობრივ ტყვედ გაყიდული მკვიდრი ქართული (ძირითადად მეგრელი) მოსახლეობის ნაოხარზე, შარვაშიძეებმა შიდა რაიონებიდან გადმოასახლეს აფხაზები. ამიერიდან ა. ეწოდება მთელ ამ ტერიტორიას, რ-იც კვლავაც ცალკეულ სამფლობელოებად იყო დაქუცმაცებული: ჯიქეთი (საძნი) ‒ მდ. მზიმთასა და ბზიფს შორის, ზუფუ (ბზიფი) ‒ მდ. ბზიფსა და გუმისთას შორის, გუმა ‒ მდ. გუმისთასა და კოდორს შორის, შუასოფელი (აბჟუა) ‒ მდ. კოდორსა და ღალიძგას შორის, სამურზაყანო ‒ მდ. ღალიძგასა და ენგურს შორის, წებელდა-დალი (წაბალ-დალი) ‒ მდ. კოდორის ზემო წელი, სიხუ (ფსხუ) ‒ მდ. ბზიფის ზემო წელი. ეს სამფლობელოები, ფაქტობრივად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდნენ, რ-თა სათავეში შარვაშიძეების, მარშანიებისა და სხვა ფეოდ. გვარების წარმომადგენლები იდგნენ. რუსეთის მიერ დას. საქართველოს დაპყრობის პროცესში, როდესაც რუსეთმა იმერეთის სამეფოს ადგილ. მთავრები დაუპირისპირა, სამეგრელოს სამთავროს ხელისუფლების აქტ. ხელშეწყობით, სამურზაყანო რუს. იმპერიის მფარველობაში შევიდა და ოდიშის სამთავროს დაუბრუნდა (1805). 1810 რუსეთმა შეიერთა ა-ის დანარჩენი ტერიტორიაც, რ-ზედაც მისი ძალისხმევით შეიქმნა ერთიანი აფხაზეთის სამთავრო, რუსთა მიერვე სოხუმში მთავრად დასმული გიორგი შარვაშიძის (საფარბეის) მეთაურობით. 1864 რუს. ხელისუფლებამ ეს სამთავრო გააუქმა და გადააქცია ჯერ სოხუმის სამხ. განყ-ბად, შემდეგ კი ‒ სოხუმის ოკრუგად, რ-ის შემადგენლობაშიც შევიდა ყოფილი სამურზაყანო. თვით სოხუმის ოკრუგი ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა [იხ. აგრეთვე აფხაზები, „აფხაზთა სამეფო“, აფხაზეთის სამთავრო, საქართველო (ისტორიული მიმოხილვა), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა].
3. ა-ის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, იხ. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
4. ა-ის თანამედროვე პოლიტიკური სტატუსის, სახელმწიფო წესწყობილების, მოსახლეობის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, აგრეთვე ა-ის ტერიტორიაზე 1992 – 94 საომარი მოქმედებების პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური და სხვა შედეგების შესახებ იხ. საქართველოს რესპუბლიკა.
წყარო: ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. 1, თბ., 1971; პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 8, თბ., 1990; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლეთოდიანი დ., აფხაზეთის, აფშილეთის და სანიგეთის პოლიტიკური დამოკიდებულება ეგრისთან (ლაზიკასთან) IV–VIII სს-ში, თბ., 1991; ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; მისივე, აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 1990; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 1–2, თბ., 1977–80; ტუღუში ა., აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის საკითხისათვის, თბ., 1993; Антелава И. Г., Очерки по истории Абхазии XVII – XVIII веков, 2 изд., Сух., 1951; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI – XVII вв.), Сух., 1959.
დ. მუსხელიშვილი