მორჩილაძე აკა (ნამდვ. სახ. და გვარი ახვლედიანი გიორგი ზურაბის ძე) (დ. 10. XI. 1966, თბილისი), მწერალი. 1988 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ-ში, იყო სპორტ. ჟურნალისტი გაზ. „რეზონასსა“ და „სარბიელში“; „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა ტელეგადაცემები: „უცნობი საქართველო“ (2004 - 06), „დაკარგული წიგნები“ (2018-იდან). მ-მ მკითხველის ყურადღება იმთავითვე მიიპყრო რომანებით: „მოგზაურობა ყარაბაღში“ (1992) და „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995). ავტორია მოთხრობების კრებულებისა: „შობა ღამის ალქაჯები“ (2001), „წიგნი“ (2003) და რომანებისა: მადათოვის ტრილოგია - „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ (1998), „გაქრები მადათოვზე?“ (2001), „ვეშაპი მადათოვზე“(2004); „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“ (2003), „მამლუქი“ (2009), „მორიდებული ზურმუხტი“ (2013), „ქემერა“ (2014) და სხვ. დოკუმენტ. პროზის ნიმუშია „ჩრდილი გზაზე“ (2014), რ-შიც აღწერილია საბჭ. ეპოქის საქართვ. XX ს-ის 90-იან წლებამდე.
მ-ის მხატვრ. სამყარო უაღრესად გამორჩეულია სიუჟეტისა და ამბის მრავალფეროვნებით, პოსტმოდერნული თამაშებით, თვალშისაცემი ორიგინალურობითა და წერის პარადოქსული მანერით. ის აყალიბებს და ქმნის საკუთარ ენობრივ სისტემას, რ-ლშიც დომინანტურია დიალექტური, არქაული, XIX ს. ენა, ძვ. თბილისის კოლორიტი თუ XX ს. 90-იანი წლების ქალაქური მეტყველება.
მ-ის რომანის მიხედვთ ს. ახმეტელის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1999, რეჟ. დ. ანდღულაძე) და გადაიღეს ფილმები: „გასეირნება ყარაბაღში“ (2005, რეჟ. ლ. თუთბერიძე), „ქაღალდის ტყვია“ (2007, რეჟისორები: ლ. თუთბერიძე, მ. კულუმბეგაშვილი) და „უშენოდ მგონი მოვკვდები“ (2010, რეჟ. ლ. თუთბერიძე).
არის ლიტ. პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი (2003, 2005, 2006, 2010, 2012 და 2019) რომანებისთვის: „შენი თავგადასავალი“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), „ვენერას სიზმარი“ (2005), „Maid in Tiflis“ (2007); „obOle“ (2011), „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (2018).
მ-ის თხზულებები თარგმნილია ინგლ., გერმან., უკრ., არაბ., რუს., თურქ., ბულგარ., აზერბ., სერბ., ხორვ., შვედ. ენებზე.
ს. მეტრეველი