თედიაშვილი ლევან ქიტესას ძე (15. III. 1948, სოფ. ზემოუბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი - 17. II. 2024, თბილისი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1971). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი (1971) და თსუ (1978). ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1972, მიუნხენი; 1976, მონრეალი) თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974, 1975) და მეორე პრიზიორი (1978); მსოფლიო თასის მფლობელი (1979). მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1973), ევრ. სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1971, 1973, 1974). მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში (1973), ერთადერთი მოჭიდავე მსოფლიოში, რ-იც ჩემპიონის ტიტულს სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ფლობდა. გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფანდების მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტაქტიკური ოსტატობით, დიდი ფიზ. ძალით და გამძლეობით. მწვრთნელი – ვ. ბალავაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი (1995–99). სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1971, 1973–74) და საქართველოს XX ს. საუკეთესო სპორტსმენად (ბრინჯაოს პრიზი). 1987 შეასრულა მთავარი როლი რეჟისორ გ. შენგელაიას მიერ გადაღებულ ფილმში „ხარება და გოგია”. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის (1995), ღირსების (1998), სეოკის და ფილას ორდენები. თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).