ბერიკაშვილი გივი ზაქარიას ძე (15. V. 1934, სოფ. კოლაგი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, - 10. IV. 2017, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1979), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2015). დაამთავრა საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1956). 1956-57 იყო სოხუმის, 1958-67 - თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის, 1967-75 - რუსთავის სახელმწ. დრამატული თეატრის მსახიობი. 1975-იდან კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობია. თეატრში შესრულებული აქვს 100-მდე როლი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია გულწრფელობა, იუმორი, სცენური სითბო და მომხიბვლელობა. ძირითადად ასრულებს სახასიათო როლებს: მიტუა (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), ტიგრან გულოიანი (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“), ალექსანდრე ჩანჩახოვი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), ყაჭია (გ. შატბერაშვილის „მკვდრის მზე“), თავბერიკა ლალე (მ. ელიოზიშვილის „ბერიკონი“), ლუარსაბ თათქარიძე (ი. ჭავჭავაძის „ასი წლის წინათ“), ბულიკა (ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი“), ენგსტრენი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი“), ბონდო ლანჩავა (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა“), ვანიჩკა („იადონას თეატრი“), და სხვ.
ბ-ის დებიუტი კინოში შედგა 1964 კინოალმანახ „წარსულის ფურცლების“ ნოველებში „ჯილდო“ და „მიხა“, სადაც პეტუას და სესიას როლები შეასრულა. მას შემდეგ კინოში 50-ზე მეტი როლი განასახიერა: ლონდრე („ლონდრე“, 1966), მყეფარი („ვედრება“, 1967), გენერლის ქართვ. ადიუტანტი („გენერალი რაჰიმოვი“, 1969, „უზბეკფილმი“), დიტო („დაისი“, 1971), პლატონი („მზე შემოდგომისა“, 1973), მეზობელი („გაგიმარჯოს, მეზობელო“, 1973), ფირუზა („ღვინის ქურდები“, 1975), ფადლაურა („ნატვრის ხე“, 1976), ბიძინა („ამკლების დაბრუნება“, 1977), გოგის მამა („როცა დედები შინ არ არიან“, 1977), კოსტა დასტურიძე („დათა თუთაშხია“, 1977), ბუხუტი („ქორწინება იმერულად“, 1979), თავმჯდომარე („სიყვარული ყველას უნდა“, 1980), ბულიკა („მარადისობის კანონი“, 1982), პავლე ბუთხუზი („ყვითელი ჩიტი“, 1983), აბუთიძე („ორშაბათი - ჩვეულებრივი დღეა“, 1985), რომანოზი („ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, 1985), ტიგრანა („თეთრი ბაირაღები“, 1990), მასწავლებელი („სამოთხის გვრიტები“, 1997) და სხვ. კ. კავსაძესთან და ბ. წულაძესთან ერთად მონაწილეობდა მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების სერიალში „პეპელა“ და სხვ.
დიალოგი გივი ბერიკაშვილთან, ჩაწერილია 2014 წელს: https://www.youtube.com/watch?v=KnVrZdlbS0k
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000), არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2010). 2008 მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი.
ლიტ.: ხეტეშვილი ს., გივი ბერიკაშვილი, თბ., 1979; ხვთისიაშვილი დ., გივი ბერიკაშვილი, თბ., 2008.