მაჯამა

მაჯამა (არაბ. – კრებული) 1. სპარსულ პოეტიკაში სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ტერმინი. უპირველესად აღნიშნავს რამდენიმე ან ერთი პოეტის ლექსთა კრებულს. ამას გარდა, მ-ს უწოდებენ ისეთ ლექსს, რ-შიც თავმოყრილია სხვადასხვა პოეტური ხერხი, ჩამოთვლილია საგნები თუ ტერმინები. იგი აერთიანებს ერთგვაროვანი ხერხებითა თუ თემატიკით დაკავშირებულ ლექსებსაც. ქართ. პოეზიაში მ., როგორც ლიტ. ხერხი, გვხვდება ჯერ კიდევ კლასიკურ ქართ. პოეზიაში (ჩახრუხაძე, შავთელი, რუსთაველი), შემდეგ იგი განავითარა სპარს. პოეზიის შესანიშნავმა მცოდნემ, თეიმურაზ I-მა. მისი მ. საგანგებოდ შერჩეულ ლექსთა კრებულია („ლექსთა ღარიბთა, უცხოთა, რომელ არს გამოკრებული,/მომინდა წერა ამისთვის, არ იქმნას დავიწყებული“), რ-თა სტროფების დიდი ნაწილი ომონიმური რითმებით არის გაწყობილი. მათი ამოხსნა გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამ ჟანრის ლექსებს წერდნენ თუ კრებულებს ადგენდნენ არჩილი, ვახტანგ VI, ს.-ს. ორბელიანი. 2. ომონიმური რითმა, ბგერითი შედგენილობით ერთნაირი და შინაარსით განსხვავებული სიტყვების ან სიტყვათა ჯგუფების გარითმვა.

ლიტ.: არაბული გ., ომონიმური რითმა ძველ ქართულ პოეზიაში, „ლიტერატურული ძიებანი“, 2000, ტ. 21; ბარამიძე ა., თეიმურაზ პირველი, წგ.: თეიმურაზ I, თხზ. სრ. კრ., ალ. ბარამიძის და გ. ჯაკობიას რედ., ტფ., 1934; დოიაშვილი თ., ქართული ლექსი XVII საუკუნეში (თეიმურაზ I, არჩილი), „ლიტერატურული ძიებანი“, 2002, ტ. 23; კობიძე დ., ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან, მის წგ.: ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 2, თბ., 1969; ჯიბლაძე გ., რუსთაველის ესთეტიკური სამყარო, თბ., 1966.

ა. გვახარია.