მგალობლიშვილი გრიგოლ (გეგა) ზურაბის ძე (დ. 7. X. 1973, თბილისი), პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი (2008–09). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი; 1992–93 სწავლობდა სტამბოლის (თურქეთი) უნ-ტში. 1998 მიიღო ნატოს თავდაცვის კოლეჯის დიპლომი (რომი). 2002–03 გაიარა სპეციალიზებული დიპლომატიური კურსი ოქსფორდის (დიდი ბრიტანეთი) უნ-ტში; 2008 – უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი კურსები ჰარვარდის უნ-ტის ჯ. კენედის სახ. სახელმწ. მმართველობის სკოლაში (აშშ).
1996-იდან მუშაობდა საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე. იყო თურქეთის რესპ. საქართვ. საელჩოს I მდივანი, შემდეგ მრჩეველი (1998–2002), საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი, აშშ-ის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (2002–04). 2004-იდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში, 2009–13 – საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში და საქართვ. მისიის ხელმძღვანელი, 2014–15 – ეროვნ. თავდაცვის უნ-ტის მოწვეული პროფესორი (ვაშინგტონი, აშშ). 2015-იდან არის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის პროფესორი (აბუ-დაბი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები).
ლიტ.: ჭუმბურიძე ზ., დამოუკიდებული საქართველოს ელჩები, 1991–2021, ნაწ. 1, თბ., 2021.