მგელაძე აკაკი დიომიდეს ძე (10. VIII. 1912, სოფ. ზომლეთი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 27. II. 1985, ბათუმი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1957). 1937-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბათუმის თეატრში მსახიობად (1951–53 – დირექტორი). შექმნილი აქვს განსხვავებული ჟანრისა და ხასიათის სცენური სახეები: ქურუმი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მურიკი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), მაზრის უფროსი (შ. დადიანის „გუშინდელნი“), გრიგოლა (ა. ყაზბეგის „მამის მკვლელი“), ხევისბერი (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი“), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), კომანდორი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), კლავდიუსი (უ. შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“ (1973) და „მე მოვედი“ (1981; ორივეს რეჟ. ა. ნინუა). მიუხედავად იმისა, რომ მ-ს პროფ. განათლება არ მიუღია, ჰქონდა თანდაყოლილი ალღო, სამსახიობო ნიჭი და ინტუიცია.