მდაბიო

მდაბიო, მდაბიური, მდაბური, „დაბის“ (უმცირესი ადმ.-ტერიტ. ერთეული და დასახლების ადგილი) მკვიდრი: „დაბა“ თავდაპირველად, სავარაუდოდ, გვაროვნ.-თემური ერთეული იყო, ადრინდ. ფეოდ. ხანაში კი სასოფლო-სამეზობლო თემს წარმოადგენდა და, როგორც სოც. ტერმინი, ამ „დაბაში“ მცხოვრებ მეთემეს აღნიშნავდა. ტერმინი „მდაბიო“ პირველად გვხვდება „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ (VI ს.) „მდაბურის“ ფორმით და აღნიშნავს საქალაქო ეთნ.-რელიგიური თემის წევრს (გ. მელიქიშვილი).

მ. ადრინდ. ფეოდ. ხანაში მატერ. დოვლათის ძირითადი მწარმოებელი იყო და ემსახურებოდა „დაბების“ მფლობელ ფეოდალს. მ-თა უმთავრესი მოვალეობა იყო ლაშქრობაში მონაწილეობა. ამ ნიშნით სამეცნ. ლიტ-რაში იხმარება ტერმინი მდაბიორ-მოლაშქრენი (ნ. ბერძენიშვილი) მსუბუქად შეიარაღებულ ქვეით მეომართა აღსანიშნავად, რ-ებიც მძიმედ შეჭურვილ თავიანთ „უფლებს“ ახლდნენ. VIII–IX სს-ში „დაბების“, ანუ სასოფლო-სამეზობლო თემების ადგილს იკავებს მთლიანად ფეოდალების მიწათმფლობელობასა და დაქვემდებარებაში მყოფი „სოფლები“. ამ პროცესის შესაბამისად მ-თა სოციალურმა ფენამ გაქრობა იწყო და მისი ადგილი თანდათანობით „გლეხმა“ დაიჭირა, როგორც ამ სახეცვლილი გაერთიანების მკვიდრმა და თემის გარეშე მდგომმა არათავისუფალმა მწარმოებელმა.

ლიტ.: მეტრეველი რ., დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V–XII სს.), გლახაკები, თბ., 1976; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1–2, თბ., 1970–73; ხოშტარია–ბროსე ე., ფეოდალური ხანის საქართველოს მთისა და ბარის ურთიერთობის საკითხები, თბ., 1984.

ა. ბოგვერაძე.