მდადე

მდადე, მდადი, პატარძლის მაყარი ქალის ქორწილში, „დიაცი სძლის მაყარი` (საბა). მ-ს ირჩევდნენ ნათესავთა და ახლო მეგობართა წრიდან. ევალებოდა საქორწილო რიტუალის განმავლობაში პატარძალთან ყოფნა და მისი უშუალო მფარველობა.

 ჯვრის წერისას მ. პატარძალს უკან მიჰყვებოდა და მისი კაბის აკეცილი ბოლოები ხელში ეჭირა, საქორწილო სუფრაზე კი, როგორც წესი, პატარძლის გვერდით იჯდა. ზოგან მის ფუნქციაში შედიოდა ქორწილის ღამეს ნეფე-დედოფლისათვის ლოგინის გაშლა, დილით კი – ალაგება. მ. დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ოჯახში.

ლიტ.: ითონიშვილი ვ., კავკასიის ხალხთა საოჯახო ყოფა, თბ., 1977; მაჩაბელი ნ., ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, თბ., 1987.