მდევარი, ფეოდალური ლაშქრის სახეობა საქართველოში; სწრაფად იკრიბებოდა მტრის თავდასხმის დროს. მ-ის ძირითადი მოვალეობა იყო გაქცეული მტრის დადევნება, გზების შეკვრა, ალყაში მოქცევა და განადგურება. მ-ში შედიოდა ყველა სოც. ფენის წარმომადგენელი. მისი როლი განსაკუთრებით გაიზარდა „ლეკიანობასთან“ ბრძოლის დროს. 1772 წ. 28 აგვ. ერეკლე II-ის მიერ გაცემული „ზემო ქართლის მდევრობის განწესებით“ ზემო ქართლი ორ სამდევროდ დაიყო. განჩინებით შეტყობინების მიღებისთანავე სამდევროს მამაკაცებს წინასწარ განსაზღვრულ ადგილას სწრაფად შეყრა და მტრის დევნის დაწყება ევალებოდათ. სამდევროები დაწესდა ქართლის სხვა მხარეებსა (სამუხრანბატონო, საციციანო) და კახეთში. მ-ის შეკრებას სარქარდრები ხელმძღვანელობდნენ, რ-თაც მეფე ამ მხარის თავადებიდან ნიშნავდა. ზემო ქართლის მ-ის საერთო ხელმძღვანელობა ამილახორსა და ქსნის ერისთავს ევალებოდათ. მ. ძირითადად ქვეითებისგან შედგებოდა. მ-ში გაუსვლელობისათვის დაწესებული იყო სხვადასხვა სასჯელი, რ-ის სახე და რაოდენობა გლეხის ქონებრივი შესაძლებლობების მიხედვით განისაზღვრებოდა. მ. ყარაულის ჯართან ერთად იყო მორიგე ლაშქრის ერთ-ერთი წინამორბედი. მდევრის ინ-ტის დაარსების მიზანი „ძლიერი და მტკიცე საქართველოს შექმნა“ იყო.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჯამბაკურ-ორბელიანი ა., დაღისტნიდგან ლეკების გამოსვლა და სხვა ამბები, ტფ., 1914.
ლიტ.: ალიმბარაშვილი ი., ქართული ჯარის ისტორიიდან (შიდა ქართლის სამდევროები), გორის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული, 2012, № 3; თაბუაშვილი ა., ერეკლე II-ის გატარებული ღონისძიებები „ლეკიანობის“ აღსაკვეთად და მისი შედეგები (1735–83 წწ.), „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, 2022, [ტ] 18; კლიმიაშვილი ა., ზემო ქართლის მდევრობის განწესება 1772 წლისა, „მაცნე“, 1966, № 1; მეგრელაძე დ., დაღესტან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, იქვე, 1967, №6.
დ. მეგრელაძე.