მდელოთმცოდნეობა

მდელოთმცოდნეობა, მეცნიერება მდელოების (ბუნებრივი საძოვრებისა და სათიბების) შესახებ. მ. მდელოსნობის საფუძველია და დაკავშირებულია შემდეგ დარგებთან: გეობოტანიკა, ბიოქიმია, ეკოლოგია, მცენარეთა ცენოლოგია, ბიომრავალფეროვნება, მეცხოველეობა და სხვ.; შეისწავლის ბუნებრივი მდელოების, ველების, ჭაობების, უდაბნოების ბალახთდგარს, მისი ერთ-ერთი და მრავალწლოვანი მცენარეული საფრის ეკოლოგიას და კომერციული მიზნებით სწორად გამოყენებას. მ-ის მიზანია ბუნებრივი საკვები სავარგულების, ცენოზების ძირითადი ტიპების შესწავლა, კლასიფიკაცია, სამეურნეო მიზნებით ჯგუფებად დაყოფა და აღწერა, გამოყენების პროცესის დაგეგმვა, მდელოს ბალახთდგარის გენეტიკური ეროზიის და ძვირფასი ბალახების სახეობების ბალახდგარიდან ამოვარდნის პრევენცია, საკვები სავარგულების ჩამოყალიბების შემდგომი ევოლუციის განჭვრეტა და გავრცელების კანონზომიერების დადგენა, ასევე ბალახოვანი მცენარეული საფრისა და კორდის ფლორისტული შემადგენლობისა და ცალკეული მცენარეების სამეურნეო თვისებების გამოვლინება.

საქართველოში მიმდინარეობს ბუნებრივი საკვები სავარგულების პერიოდული სისტემატიზაცია, რ-იც ტარდება მცენარეული საფრის თავისებურებისა და მისი ეკოლ. პირობების გამოყენების აუცილებლობის ინტენსივობის გათვალისწინებით, რ-ის საფუძველზეც მუშავდება ბუნებრივი საკვები სავარგულების კლასიფიკატორი, ასევე მისი გამოყენების შესაძლებლობები ეკოლ. ბალანსის შესანარჩუნებლად. ასეთი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ ხდება სავარგულების კლასიფიკაცია, მათი ცალკეული პოპულაციების ტიპების გეოგრ. გავრცელების დადგენა და სპეც. გეობოტანიკურ რუკაზე დატანა. სამეცნ. კვლევებით მ-ში დგინდება ბალახნარის წლ. და სეზონური დინამიკა და ფენოლოგია, მცენარეული საფრის სამეურნეო ჯგუფების (მარცვლოვნების, პარკოსნების, ისლების, ნაირბალახების, შხამიანი და მავნე მცენარეების) ბიოლ. და ენერგეტ. კვებითი ღირებულებები, შემდეგ მუშავდება ძოვებისა და თიბვის კალენდარული გეგმები დაყოფილი ტერიტორიების მიხედვით, ასევე სას.-სამ. ცხოველებით საძოვრების დატვირთვის რაციონალური ნორმები მათი სახეობებისა და ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.

ა. კორახაშვილი.