მეაბჯრეთუხუცესი

მეაბჯრეთუხუცესი, მეფის კარის მაღალი რანგის სამხედრო მოხელე ფეოდალურ საქართველოში, აბჯარ-საჭურვლის მთავარი გამგე, მეაბჯრეთა უფროსი. ემორჩილებოდა ამილახორს.

მ., როგორც მაღალი რანგის სამხედრო მოხელე, გვხვდება XIII ს. ძეგლში „მეფედ კურთხევის განგება“ (ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, მეფეთა კურთხევის თავდაპირველი „განგება“ უფრო ადრე, XII–XIII სს-მდე უნდა ყოფილიყო შედგენილი), რ-ის მიხედვით მეფეს კურთხევის დროს ახლდნენ მაღალი რანგის მოხელეები: მარცხენა მხრიდან მიუყვებოდნენ სამოქალაქო და „საქვეყნოდ გამრიგე“ მოხელეები, პირველ რიგში – ჭყონდიდელი და ათაბაგი; მარჯვენა მხრიდან კი – სამხედრო უწყების წარმომადგენლები – ამირსპასალარი, ამილახორი და მ. მ. მეფის ამალაში ეზოთუხუცესსა და ჩუნჩერახთან ერთად იმყოფებოდა. იგი სამეფო ფარს, ლახტს, ქარქაშს ატარებდა და უშუალოდ მეფის უკან იდგა.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).

ი. უჯმაჯურიძე.