მეანობა

მეანობა, შეისწავლის ქალის ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებს; ორსულის, მშობიარისა და ნამშობიარები ქალის რაციონალური დახმარების მეთოდებს. მ. გინეკოლოგიის განუყოფელი ნაწილია. გინეკოლოგია კი მეცნიერებაა, რ-იც სწავლობს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლ. და პათოლ. პროცესებს დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

მ-ის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება ძვ. პაპირუსებში (ძვ. წ. XXII–XV სს.), ინდოელების წმ. წიგნებში (ძვ. წ. VIII ს.). მ-ის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჰიპოკრატეს, არისტოტელეს, ცელსუსის, გალენოსისა და სხვათა ნაშრომებმა. XIII ს-ში პარიზის ჰოსპიტალში (,,Hotel Dieu“) გაიხსნა მშობიარეთა პალატა, რ-ის ბაზაზე XVII ს-ში შეიქმნა პირველი სამეანო სასწავლებელი.

ვეზალიუსის, ევსტაქის, კ. ბართოლინუსისა და სხვათა გამოკვლევების შედეგად გაჩნდა პირველი მონაცემები ქალის სასქესო ორგანოების ანატ. და ფიზიოლ. შესახებ, რამაც საფუძველი ჩაუყარა მეცნ. მ-ის განვითარებას.  ფრანგმა ქირურგმა ა. პარემ (1550) შექმნა პირველი სამეანო სკოლა, აღადგინა ნაყოფის მობრუნების მივიწყებული მეთოდი. ინგლ. მეანმა პ. ჩემბერლენმა შექმნა სამეანო მაშა, რ-იც განსაზღვრულ პირობებში ცოცხალი ნაყოფის გამოყვანის საშუალებას იძლეოდა. XVII ს. ფრანგმა მეანმა ფ. მორისომ დაწერა იმ დროისთვის საუკეთესო წიგნი მ-ზე, დაამუშავა სამეანო ოპერაციის მეთოდები, შემოიღო ახალი სამეანო ხელსაწყოები. გაიხსნა სამეანო კლინიკები, კათედრები, დაიწყო მ-ის სისტემ. სწავლება.

საქართველოში XX ს. I ნახ-ში შეიქმნა სამშობიარო დახმარების ფართო ქსელი, მეანობისა და გინეკოლოგიის 2 სამეცნ.-კვლ. ინ-ტი და გინეკოლოგიის 4 კათედრა (სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინ-ტებში).

2006-იდან გაერთიანდა თსსუ და ექიმთა დახელოვნების ინ-ტი. ამჟამად თსსუ-ში არსებობს მეანობა-გინეკოლოგიის ორი დეპარტამენტი: მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სადაც მიმდინარეობს პრე და პოსტდიპლომური სწავლება. 2018 მეან-გინეკოლოგთათვის შეიქმნა 4-წლიანი სარეზიდენტო პროგრამა (დირექტორი ნ. კინტრაია).

მეცნ. მ-ისა და გინეკოლოგიის დანერგვის, აგრეთვე კადრების აღზრდის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით: ი. თიკანაძეს, გ. ღამბარაშვილს, ე. სობესტიანსკის, პ. შუშანიას, ბ. ღოღობერიძეს, ი. ჟორდანიას, ა. უსტიაშვილს, ლ. ელიაშვილს, ა. ბაქრაძეს, მ. პაპიტაშვილს, კ. ჩაჩავას, ი. მაჭავარიანს, პ. კინტრაიას, ი. მამამთავრიშვილს და სხვ.

ნ. კინტრაია.