მებოსტნეობა

მებოსტნეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ბოსტნეული კულტურების მოყვანა. მ-ს განეკუთვნება მებაღჩეობაც. მისი ამოცანაა ბაღჩეული მცენარეების (საზამთრო, ნესვი, გოგრა) კულტივირება. მ. შეისწავლის მცენარეების ბიოლოგიასა და მოყვანის ხერხებს. განასხვავებენ ღია და დაცული (დახურული) გრუნტის მ-ს. ღია გრუნტზე ბოსტნეული კულტურები მოჰყავთ გაზაფხულ-ზაფხულსა და შემოდგომაზე ბოსტნეულის ნაყოფისა და თესლის მისაღებად, დაცულ გრუნტს კი იყენებენ არასეზონურ პერიოდში (ზამთარში). ღია გრუნტის ძირითადი კულტურებია კომბოსტო, პამიდორი, კიტრი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ჭარხალი; ითესება სუნელ-სანელებელი მცენარეებიც (ტარხუნა, წიწმატი, ქინძი, რეჰანი, ქონდარი, პიტნა და სხვ.). დაცულ გრუნტში მოჰყავთ კიტრი, პამიდორი, ხახვი (საფოჩედ გამოსაყვანი), ყვავილოვანი კომბოსტო, სალათა, თვის ბოლოკი და სხვ. მ. მსოფლიოში ყველგანაა განვითარებული.

საქართველოში მ-ს უძველესი ისტორია აქვს. ქართ. წყაროების მიხედვით, იგი დასაბამს იღებს ქართველ ტომთა განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე – პირველყოფილი თემური წყობილებიდან. ივ. ჯავახიშვილი „საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში“ აღნიშნავს: „ძველადაც ქართველს გემრიელი და შნოიანი პურის ჭამა უმწვანილოდ ვერ წარმოედგინა და მწვანილი სუფრის აუცილებელ კუთვნილებას და მშვენებას შეადგენდა“. VIII–X სს. წერილობით ძეგლებში მოხსენიებულია კომბოსტო. მ-ზე მნიშვნელოვანი ცნობებია ვახტანგ VI-ის („დასტურლამალი“), ასევე ს.-ს. ორბელიანისა („სიტყვის კონა ქართული, რომელი არს ლექსიკონი“) და ვახუშტი ბაგრატიონის („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, წგ.: „ქართლის ცხოვრება“) ნაშრომებში. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში დასახელებულია იმდროინდელ საქართველოში არსებული კომბოსტოს სახესხვაობები: თავიანი და ყვავილოვანი, ასევე კეჟერა კომბოსტო (კოლრაბი).

1913 საქართველოში ბოსტნეულ კულტურებს ეკავა 1,2 ათ. ჰა; 1930 – 11,6 ათ. ჰა, ხოლო 1940 – 14,4 ათ. ჰა. XX ს. 50-იან წლებში საქართველოში, კერძოდ, თბილისში (კრწანისის მეურნეობა, ორთაჭალის ტერიტორია), ასევე გლდანში, გეგუთში, ბიჭვინთაში აშენდა რამდენიმე სასათბურე კომბინატი. საბჭ. ხელისუფლების პერიოდში ამოქმედდა სამეცნ.-კვლ. დაწესებულებები, ლაბორატორიები, საცდელი სადგურები და სხვ. ბოსტნეულის სელექციაზე მუშაობდა ნ. ვავილოვი, მეცნ. მ-ის საფუძვლები კი დაამუშავა ვ. ედელშტეინმა. საქართველოში მ-ის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო გ. ჯაფარიძე, რ-იც ქუთ. საცდელ სადგურში მოღვაწეობდა. ახ. ჯიშების გამოყვანაზე მუშაობდნენ თ. რობაქიძე, ი. გიორგბერიძე, გ. კვაჭაძე; ასევე საქართვ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თანამშრომლები: ა. მიქელაძე, ი. მაჭავარიანი, ა. სარალიძე, გ. ესიტაშვილი და სხვ.

2011-იდან მ-ის განვითარების საკითხებზე მუშაობს საქართვ. აგრ. უნ-ტის ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინ-ტი. 2021 საქართველოში განისაზღვრა ბოსტნეული კულტურების წარმოება (დაახლ.149,0 ათ. ), მ. შ. მწვანილი (8,5 ათ. ), პამიდორი (56,8 ათ. ), კიტრი (30,3 ათ. ), წიწაკა (7,6 ათ. ) ჭარხალი (4,4 ათ. ) სტაფილო (1,5 ათ. ) და სხვ. დარგის რეაბილიტაციისა და აღორძინების პრობლემებს ემსახურება საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკადემია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ცენტრი. გამოიკვეთა მ-ის 4 ძირითადი ფორმა: საკარმიდამო, საგარეუბნო, სიღრმული და დაცული გრუნტის. მიმდინარეობს ბოსტნეული კულტურების ახ. ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა და მათი დარაიონება. მცენარეები მოჰყავთ საკარმიდამო ნაკვეთებზე; ფერმერები ქმნიან საწარმოებს, კოოპერატივებს, სააქციო საზ-ბებს და სხვ.

გ. კვაჭაძე.

ვ. ჯაფარიძე.