მებუკე დავით იაკობის ძე (ცვარ-ნამი) (5.IX. 1892, დაბა ხონი, – 26. III. 1961, თბილისი), მწერალი, რეჟისორი. სპეციალობით აგრომეტეოროლოგი. 1914 დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს სწავლა განაგრძო მოსკ. საიმპერატორო უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. 1917 მეოთხე კურსის სტუდენტი ხელმოკლეობის გამო დაბრუნდა საქართველოში. 1922–23 მუშაობდა ბათუმში, სადაც აქტ. მონაწილეობა მიიღო მწერალთა კავშირის აჭარის განყ-ბის ჩამოყალიბებაში. 1931 დაამთავრა თბილ. საკავშ. სუბტროპ. ინ-ტი აგრონომის სპეციალობით; 1932-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჰიდრომეტეოროლ. სამმართველოში უფრ. ინჟინერ-აგრომეტეოროლოგად.
მ-ის ლექსები „ცვარ-ნამის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა ჟურნ.-გაზეთებში. პირველი ლექსი „გლოვის ზარი“ გამოქვეყნდა 1911 გაზ. „კოლხიდაში“. მასვე ეკუთვნის საყმაწვილო პოემები: „ხარაბუზას ქორწილი“ (1927, 1948) და „ჩაის გმირი“ (1934); ზღაპარი „ლალის სიზმარი“ (1962) და ლექსების კრებულები: „ზოოპარკში“ (1952), „სევდით სავსეა ჩემი სიმღერა“ (1992).
მ-ს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართ. თეატრის განვითარებაში. 1907–23 იყო სცენისმოყვარეთა ჯგუფის წევრი; 1921–22 – ხონის თეატრის ხელმძღვანელი და რეჟისორი. როგორც რეჟისორმა თეატრში დადგა საკუთარი თუ გადმოკეთებული პიესები („ეჭვიანი ცოლი“, „მტრის ხმლით“, „დონ კიხოტი საქართველოში“, „მონის ცეკვა“ და სხვ.), რ-ებშიც თავადვე მონაწილეობდა. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „ვალერიან შალიკაშვილი“ (1956).
ლიტ.: მწერალთა ბიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013.