მეგალითი (ბერძნ. μέγας – დიდი, λίθος – ქვა), დაუმუშავებელი ან ოდნავ დამუშავებული ქვის დიდი მონუმენტი, ან დიდი ქვებით ნაგები სტრუქტურა. მეგალითური ძეგლები ძირითადად პრეისტორიული ეპოქისათვის არის დამახასიათებელი.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება უზარმაზარი ლოდებით ნაგები ძველი ნასახლარები და დასაკრძალავები, ვერტიკალურად დაყენებული ოდნავ გათლილი ან დაუმუშავებელი ქვები და დიდი ზომის გახვრეტილი ქვები. ყველა ამ ქვის სტრუქტურებს სამეცნ. ლიტ-რაში მ-ები ეწოდება. მეგალითური ძეგლები გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებით (მენჰირები, კრომლეხები, დოლმენები, „ციკლოპური“ ნაგებობები, მეგალითური სამლოცველოები, კაირნები/ყორღანები). ზოგი მათგანი უძველესი დროის საცხოვრებელი და თავდაცვითი ნაგებობა იყო, ზოგი – საკულტო და სარიტუალო, ზოგიც – გარდაცვლილთა განსასვენებელი. უძველესი მ-ები გავრცელებულია ყველა კონტინენტზე ავსტრალიის გარდა. მრავლად გვხვდება ატლანტის ოკეანის ევრ. სანაპიროზე – ბრიტანეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, აგრეთვე ხმელთაშუაზღვის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მეგალითური ძეგლები გვხვდება ინდოსტანის ნ.-კ-ზე და შორეულ აღმ-ში. ძალზე მნიშვნელოვანი მეგალითური კომპლექსები მდებარეობს ცენტრ. და სამხრ. ამერიკაში.
საქართველოში არსებულ მეგალითურ ძეგლებს მიეკუთვნება: 1. მენჰირები; 2. მიცვალებულთა მეგალითური სახლები (დოლმენები და ყორღანები); 3. მეგალითური სამლოცველოები; 4. მეგალითური არქიტ. კომპლექსები (საცხოვრებელი და თავდაცვითი).
მენჰირი (ბრეტონ. menhir
მიცვალებულთა მეგალითური სახლებია მიცვალებ-ულის დასაკრძალავ ნაგებობათა ნაწილი – დოლმენები და ყორღანები. დოლმენი (ბრეტონ. tol – მაგიდა და men – ქვა) სამარხი ნაგებობაა, რ-იც დგას მიწის ზევით. აგებულია ვერტიკალურად დაყენებული დიდი ზომის ფილებით და გადახურულია ასეთივე ქვებით. დოლმენები გეგმაში ტრაპეციის ან ოთხკუთხა, იშვიათად კი წრიული ფორმისაა. არქიტექტურულად შედარებით სრულყოფილი ფორმა არის ხუთი ან ექვსი ქვის ფილისგან შედგენილი ქვის ყუთი. დოლმენს წინა კედელში დატანებული აქვს მრგვალი ან ოვალური ფორმის ნახვრეტი (იხ. აფხაზეთის დოლმენები).
ყორღანი, ანუ გორასამარხი, წარმოადგენს ხელოვნურ ბორცვს, მთას, რ-ის ქვეშ გამართულია დასაკრძალავი ნაგებობა ან სამარხი კამერა. ყორღანის ყრილს ხშირად დიდი ქვებით შედგენილი კრომლეხი შემოუყვება. საქართვ. ტერიტორიაზე ფიქსირებული ბრინჯაოს ხანის ყორღანები წრიული ან კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედის გეგმარებისაა. ისინი 1,5 –12,0 მ სიმაღლის ბორცვებია, რ-თა არქიტ. სახე წაკვეთილი კონუსის ან პირამიდის მსგავსია (იხ. თრიალეთის კულტურა).
მენჰირები, დოლმენები და ყორღანები ძირითადად ძვ. წ. III–II ათასწლ. პირველი ნახევრით თარიღდება.
მეგალითური სამლოცველოების ჯგუფს მიეკუთვნება „ციკლოპური“ მშენებლობის ტექნიკით ნაგები კომპლექსები, რ-ებიც მაღალი მთის მწვერვალზეა განთავსებული და აქვთ გამაგრებული ცენტრ. ნაწილი (შაორი, აბული, თეჯისი და სხვ). ამ კომპლექსებთან დაკავშირებულია მცირე ზომის (1,5–4 მ 2; სიმაღლე 1,0–1,2 მ) წრიული გეგმარების სენაკები (საცხოვრებლად ან სამეურნეო მიზნებით გამოყენება გამორიცხული იყო). მათ საკულტო დანიშნულებაზე მიუთითებს სარიტუალო-საპროცესიო გზები, საკულტო მოედნებზე და ცენტრ. კომპლექსისაკენ მიმავალი გზის პირას აღმართული მენჰირები.
მეგალითურ არქიტექტურულ კომპლექსებს მიეკუთვნება ის თავდაცვითი და საცხოვრებელი
ნაგებობები, რ-ებიც დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით არის ნაგები. ამ ჯგუფის ძეგლები ორად იყოფა: 1. მეგალითური ციხესიმაგრეები და ნამოსახლარები – უძველესი დასახლებები, რ-თაც დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვით ნაგები (მხოლოდ მშრალი წყობა) გალავანი აკრავთ (ბეშთაშენი, თეზი, უწყლო კოხაჯი და სხვ.). მათი თარიღის დადგენა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით უდუღაბო შენება სამხრ. კავკასიაში ძვ. წ. III ათასწლეულიდანაა გავრცელებული, თუმცა ამ ეპოქის დასახლებებს მეგალითური წყობით ნაგები თავდაცვითი კედლები არ გააჩნია. ამ ტიპის მშენებლობა ძვ. წ. XVI ს-იდან იწყება და ძვ. წ. VI ს. მიწურულამდე გრძელდებოდა; 2. დარნები – მიწისქვეშა საცხოვრებელი და თავდაცვითი კომპლექსი – „კლდეში ანუ მიწის ქვეშ შესასვლელი, სახლი მიწას ქვეშ ნაგები, გინა მიწა და კლდე შეთხრილი უჩინრად“ (ს.-ს. ორბელიანი) გავრცელებულია მთელ საქართველოში. გვხდება ორი ტიპის: ა) დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე გამართული. მათი მცირე ნაწილი არქეოლოგიურად შესწავლილია. იქ აღმოჩენილი არტეფაქტები შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, თუმცა ეს არ გამორიცხავს ვარაუდს, რომ ისინი, შესაძლებელია, უფრო ადრეულ ეპოქას მიეკუთვნებიან; ბ) დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე (მაგ., გოხნარი, ლოდოვანი, ზემო ბეშქენაშენი). ზოგიერთი მოსაზრებით ეს ნაგებობები უფრო ადრეულ ეპოქას მიეკუთვნება და შუა საუკუნეებში მათი მეორეული გამოყენება მოხდა.
ლიტ.: მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938; ნარიმანიშვილი გ., სიახლენი თრიალეთის კულტურაში, თბ., 2009; ნარიმანიშვილი გ., შანშაშვილი ნ., კვაჭაძე მ., თრიალეთი. კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, თბ., 2018; ნარიმანიშვილი გ., შანშაშვილი ნ., ნარიმანიშვილი დ., საქართველოს მეგალითური კულტურის ძეგლები, თბ., 2020; ტატიშვილი თ., მიწისქვეშა ნაგებობანი მტკვრის ხეობის ზემო წელზე, „ძეგლის მეგობარი“, 1970, №21; Мшвениерадзе Д., Строительное искусcтво в Древней Грузии, Тб., 1959; Цвинария И., Новые памятники дольменной культуры Абхазии, Тб., 1990; Цицишвили Н., История грузинского зодчества, Тб., 1955; Mepisaschvili R., Zinzadze V., Georgian Werbauten und Kirchen, Lpz, 1986; Narimanischvili G., Schanschaschvili N., Zu den zyklopischen Siedlungen in Trialeti, Georgica, Konstanz, 2001; Narimanishvili G., Shanshashvili N., Narimanishvili D., Menhirs from South Caucasus – International Symposium on East Anatolia – South Caucasus Culture, Proceedings, I, 212–220, Camb. 2015; Narimanishvili G., Shanshashvili N., Narimanishvili D., The megalithic monuments of Georgia, Tb., 2022.
გ. ნარიმანიშვილი.