მეგრელაძე დარეჯან გაბრიელის ასული (19. VI. 1924, თბილისი, – 15. VII. 2010, იქვე), ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1995). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1946). 1950–52 მუშაობდა აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ხელნაწერთა განყ-ბაში, 1952–2006 – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ფეოდ. ხანის ისტორიის განყ-ბაში. კითხულობდა ლექციებს სტუ-ში.
მ-ის კვლევის ძირითადი სფერო იყო სოც. ურთიერთობანი ფეოდ. საქართველოში, მუშაობდა წყაროთმცოდნეობის მიმართულებითაც. ეკუთვნის ისეთ მნიშვნელოვან წყაროთა პუბლიკაციები, როგორებიცაა: „სახლთუხუცესის რიგი და შესავალი“ (1953); „მასალები XVIII ს. 20-იანი წლების ქართლ-კახეთის ისტორიისათვის“ (1960); „ჯულაბაშვილების დავთარი“ (1963); „შაჰნავაზ მეფის ასულის მზითვის წიგნი“ (1997). არის სამეცნ. სტატიებისა და 3 მონოგრაფიის ავტორი, საქართველოს ისტორიის ნარკვევების (ტ. 4, თბ., 1973), თბილისის ისტორიის (ტ. 1, თბ., 1990), История крестьянства СССР с древнейших времён до Великой Октябрской Социалистической революции (М., 1987) თანაავტორი; იყო ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, ქ. შარაშიძის, ი. დოლიძის, ვ. გამრეკელის, ა. ბაქრაძის, მ. იაშვილის შრომების რედაქტორი და გამომცემელი. მისი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახ. საქართვ. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის საიუბილეო მედალი და ნ. ბერძენიშვილის სახ. პრემია (1998).
თხზ.: ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, თბ., 1967; გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979; საქართველოს გლეხობა XIII–XV საუკუნეებში, თბ., 1991.
ლიტ.: დარეჯან მეგრელაძის გამოქვეყნებულ ნაშრომთა ბიბლიოგრაფია, „კლიო“, 2004, №22.
დ. კლდიაშვილი.