მეგრელიძე იოსებ ბართლომეს ძე (9. IV. 1909, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 29. I. 1996, თბილისი), ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე. დოქტორი (1961), პროფესორი (1966), მეცნ. დამს. მოღვაწე (1980). 1931 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1950-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტ-რის ისტორიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი. ეკუთვნის ნაშრომები ქართ. და ქართველური, დაღ.-დიდოური ენების, რუსთველოლოგიისა და ქართ. მწერლობის, ქართ. და კავკ. ფოლკლორის, ეთნოგრ., არქეოლ., ეპიგრაფიკის საკითხებზე. მ. შ. აღსანიშნავია მონოგრაფიები: „ლაზური და მეგრული შრეები გურულში“ (1938, რუს. ენაზე), „რუსთაველი და ფოლკლორი“ (1960, რუს. ენაზე), „რუსთველოლოგები“ (1970), „იაკობ გოგებაშვილი და ახალი ქართული ენა. სახელმძღვანელოები და გრამატიკის საკითხები“ (1973, 1988), „ჭოლა ლომთათიძე“ (1979) და სხვ. მ-მ გამოსცა ნ. მარის, ე. თაყაიშვილის, ი. მარის, მ. გოგიბერიძის, იუსტ. აბულაძის, ვ. ბერიძის და სხვათა ნაშრომები.
თხზ.: ნ. მარის ცხოვრება და მოღვაწეობა (დაბადების 100 წლისთავის გამო), თბ., 1965; მცირე თეატრალური ლექსიკონი, თბ., 1980; მიხეილ ჯავახიშვილი (მოგონებები მწერლობაზე), თბ., 1981; სიძველეები ლიახვის ხეობაში, თბ., 1984, 2019; ექვთიმე თაყაიშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1989.