მეგრელიძე კონსტანტინე (კიტა) რომანოზის ძე [9. IV. 1900, სოფ. ხრიალეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 20. IX. 1944, კიროვის ოლქი (ახლანდ. რფ)], ფილოსოფოსი. მ-ის მამა სას. პირი იყო, მან საშ. განათლება ფოთის გიმნაზიაში მიიღო, 1919 კი თსუ-ში სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე ჩაირიცხა. უნ-ტის დასრულების შემდგომ კომუნისტური პარტიის ცენტრ. სკოლაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1924 სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ფრაიბურგის, ხოლო შემდეგ ბერლინის უნ-ტში განაგრძო სწავლა. 1927 მ. საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო აქტ. სამეცნ. მოღვაწეობა. 1932-იდან მუშაობა დაიწყო ლენინგრადის ენისა და აზროვნების ინ-ტში. ამ დროს გამოქვეყნდა მ-ის პირველი მნიშვნელოვანი სამეცნ. სტატიები: „მოარული ცრურწმენების და წინალოგიკური აზროვნების წესის შესახებ (რეპლიკა ლევი-ბრიულს)“ და „ცხოველთა ცნობიერებიდან ადამიანურისაკენ“. 1936 იგი გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან, ორი წლის შემდეგ კი დააპატიმრეს. 1939 მ. გაათავისუფლეს, მაგრამ 1940 ისევ დააკავეს და კიროვის ოლქში გადაასახლეს. უაღრესად მძიმე პირობების მიუხედავად მას არ შეუწყვეტია სამეცნ. მუშაობა და გადასახლებაში მეორე მონოგრაფიაც დაასრულა, რ-იც დაკარგულია.
მ-ის შემოქმედება XX ს. ქართ. ფილოს. მეტად ღირებულ მემკვიდრეობად არის მიჩნეული. მისი მთავარი ნაშრომი „აზრის სოციალური ფენომენოლოგია“ დაწერიდან მხოლოდ 29 წლის შემდეგ გამოქვეყნდა. მ-ის ფილოს. ნაშრომები სათანადო გააზრებას საჭიროებს.
თხზ.: აზრის სოციალური ფენომენოლოგია, თბ., 1990.
ლიტ.: ზედანია გ., რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია, თბ., 2017; კოდუა ე., XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1999.
ი. კახიძე.