მედიაცია, სამართლებრივი დავის გადაწყვეტის მექანიზმი, რომლის შედეგად მხარეები დავას ურთიერთშეთანხმებით აგვარებენ. მ. თანამედროვე მსოფლიოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებად არის აღიარებული. მ-ის გზით შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ზოგიერთი კატეგორიის სამოქალაქო-სამართლებრივი დავა. მ-ის პროცესი კონფიდენციალურია, რაც ცალკეულ დავათა სპეციფიკის გათვალისწინებით განაპირობებს მის მიმზიდველობას.
მ-ის პროცესს წარმართავს მედიატორი, რ-იც მხარეებს უქმნის მოლაპარაკებისთვის შესაფერის გარემოს, ხელს უწყობს მათ პოზიციების წარმოდგენაში, შესათანხმებელი პირობების ჩამოყალიბებაში. მ-ის შედეგად მედიატორი რაიმე სავალდებულოდ შესასრულებელ გადაწყვეტილებას არ იღებს. მისი მიზანია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა. მას ირჩევენ სასამართლო დავის მონაწილე მხარეები მედიატორთა ერთიან რეესტრში შეყვანილი პირებიდან. შეიძლება რამდენიმე მედიატორის შერჩევაც.
მ-ის დაწყების წინაპირობაა მხარეთა შეთანხმება ან კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისთვის გადაცემა. სამედიაციო მორიგება წერილობით დგება. მას ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი. მხარეთა შეთანხმებით მორიგებას აღასრულებს სასამართლო. მხარეს უფლება აქვს მ-ის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მასში მონაწილეობაზე. შესაძლებელია, მ. შეთანხმებით არ დასრულდეს. თუ საქმე მ-ს სასამართლოსგან გადაეცა, ის განსახილველად მასვე უბრუნდება. მედიატორის ანაზღაურება განისაზღვრება მხარეებსა და მედიატორს შორის შეთანხმებით.
ი. უჯმაჯურიძე.