აფრიდონიძე შუქია ტიმოთეს ასული (25. IV. 1940, თბილისი, - 28. V. 2022, იქვე), ენათმეცნიერი, ფილოლ. მეცნ. დოქტ. (2003), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). 1965-69 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში ტექნიკოსად; 1969-76 - თსუ-ის ახალი ქართ. ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიაში, 1976-იდან კი - დოცენტად; 1982-2006 - ა. ჩიქობავას სახ-ბის ენათმეცნ. ინ-ტის ქართ. მეტყველების კულტურის განყ-ბის გამგედ და „ქართული სიტყვის კულტურის საკითხების“ რედაქტორად (1984-2004). 2006-იდან იყო ილიას უნივერსიტეტის პროფ., ქართ. ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი.
ა-ის სამეცნ. კვლევის სფეროს განეკუთვნებოდა საქართვ. ტოპონიმიის, ლექსიკოლოგიის, ლექსიკოგრაფიისა, ფუნქციური გრამატიკისა და ქართ. ენის სტილისტიკის საკითხები. ამაგი დასდო ქართ. ენის მეცნ. აღწერა-სწავლებასა და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში მის პოპულარიზაციას. იგი იყო არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი. ავტორია ნაშრომებისა: „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში“ (1986), „ჩვენი ენა ქართული“ (2002); „მიმართვის ფორმები ახალ ქართულში: სტრუქტურა და ფუნქციონირება“ (2023). ეწეოდა მთარგმნელობითს საქმიანობას. 2017 გამოიცა ა. კალანდაძის ლექსების მისეული თარგმანი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2018).
ლიტ.: სალიტერატურო ენის საკითხები, IV, ეძღვნება პროფესორ შუქია აფრიდონიძის ხსოვნას, თბ., 2023.
ს. მეტრეველი