ანდეზიტი

ანდეზიტი, ვულკანური ქანი, მუქი რუხი ან მოწითალო ფერისა; მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანია, აქვს პორფირული სტრუქტურა. ძირითადი მასა ვულკ. მინის, პლაგიოკლაზისა და პიროქსენის მიკროლითების ნარევია. პორფირული გამონაყოფებია პლაგიოკლაზი, პიროქსენი, რქატყუარა ან ბიოტიტი. ა-ს იყენებენ საშენ და მჟავაგამძლე მასალად. საქართველოში ა-ის გავრცელების ორი ძირითადი რეგიონია: ცენტრ. კავკასიონის და საქართვ. სამხრ. მთიანეთისა. პირველს განეკუთვნება ყაზბეგის მუნიციპ-ის (ვულკანები: მყინვარწვერი, ქაბარჯინა და სხვ.), ლიახვის, არაგვისა და ქსნის სათავეების (ყელის ვულკ. მთიანეთი) ა-ები; მეორეს – თრიალეთის ქედის (ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოები) და ჯავახეთის მთიანეთის (სამსრისა და ჯავახეთის ქედები) ა-ები.