ანდრონიკაშვილი ივანე ზაქარიას ძე [10 (22). IX. 1862, სოფ. მელაანი, სიღნაღის მაზრა, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 11. VII. 1947, თბილისი], აგრონომი და საზოგადო მოღვაწე. 1887 მოსკოვში დაამთავრა პეტროვსკოეს სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდ. მოსკოვის ტიმირიაზევის სახ. სას.-სამ. აკადემია). 1889 – 1902 მუშაობდა კავკ. საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდ. კავკასიაში. ხალხში აგრონ. ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით გააშენა საჩვენებელი ნაკვეთები, ცდიდა ახ. სას.-სამ. მანქანა-იარაღებს. 1902 – 16 იყო ბათუმის ქალაქის თავი . მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნ. „ვაზი და ღვინო“. 1921 ა-ის ინიციატივით დაარსდა ჟურნ. „სოფლის მეურნე“, რ-საც თვითონვე რედაქტორობდა. 1939 საკავშ. სას.-სამ. გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართვ. პავილიონის მოწყობას.
გ. თოდუა