ანდრონიკაშვილი კირა გიორგის ასული (16. XI. 1908, თბილისი, - 24. II. 1960, იქვე), კინომსახიობი, რეჟისორი. სწავლობდა თსუ-ის სოციალ.-ეკონ. ფაკ-ტის იურიდიულ განყ-ბაზე, დაამთავრა-(1928), პარალელურად მუშაობდა საქართვ. „სახკინმრეწვში“ მსახიობად, მონაწილეობდა ი. პერესტიანის („სამი სიცოცხლე“, 1924; „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“, 1925) და ვ. ბარსკის („მეცხრე ტალღა“, 1926) ფილმებში. სამსახიობო კარიერის გვირგვინად იქცა მთავარი როლი ფილმში „ელისო“ (რეჟ. ნ. შენგელაია, 1928). შემდეგ სწავლა გააგრძელა ი. ზავადსკის თეატრ-სტუდიაში. 1929–31 იყო კინოსტუდია „ვოსტოკფილმის“ მსახიობი, მონაწილეობდა ფილმებში: „მიწას სწყურია“ (ჯამალა, რეჟ. ი. რაიზმანი, 1929), „ზელიმ-ხანი“ (ზელიმ-ხანის ცოლი, რეჟ. ო. ფრელიხი, 1929), „უდაბნო“ (აქტივისტი, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1932). კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტის (ს. ეიზენშტეინის სახელოსნო, 1936) დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად კინოსტუდია „სოიუზდეტფილმში“. სტალინური რეპრესიების დროს, როგორც „ხალხის მტრად“ გამოცხადებული მწერლის _ ბ. პილნიაკის მეუღლე, გადაასახლეს აკმოლინსკში, „სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა „თბილისის კინოსტუდიაში“ რეჟისორის ასისტენტად, მეორე რეჟისორად, დუბლიაჟის რეჟისორად. როგორც მსახიობი მონაწილეობს ფილმებში: „შავ მთებში“ (სტეფანეს ცოლი, რეჟ.ნ. შენგელაია, 1941), „ის კიდევ დაბრუნდება“ (დედა, რეჟ-ბი ნ. შენგელაია, დ. ანთაძე, 1943), „ჭირვეული მეზობლები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1945), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“, (ბანოვანი, რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1958), „ზვიგენის კბილი“ (ალის დედა, რეჟ. შ. გედევანიშვილი, 1959, ალის დედა).
მ. კერესელიძე