ანთაძე გიორგი სამსონის ძე (6. IX. 1920, ფოთი, – 3. XI. 1987, თბილისი), სპორტსმენი, ფეხბურთელი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1951). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1936 ფოთში. 1940 თამაშობდა თსუ-ის გუნდში. II მსოფლიო ომის დროს არმიის რიგებში იყო (1941 – 43). 1943 თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, 1944-იდან თბილ. „დინამოს“ წევრი გახდა. ამ გუნდის შემადგენლობაში სსრკ ჩემპიონატებზე ითამაშა 177 მატჩი, გაიტანა 40 ბურთი; არის 2 ვერცხლისა (1951, 1953) და 3 ბრინჯაოს (1946, 1947, 1950) მედლის მფლობელი. მონაწილეობდა 16 საერთაშ. მატჩში (2 სსრკ ნაკრების შემადგენლობაში, გაიტანა 3 ბურთი). ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვაში. გამოირჩეოდა დიდი ენერგიით, დაუღალავი შრომისუნარიანობით. 1956 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. მუშაობდა საქართვ. ოსტატთა გუნდების მწვრთნელად. 1978-იდან გარდაცვალებამდე საქართვ. სპორტსახკომის ფეხბურთის სამმართველოს ოსტატთა გუნდების სახელმწ. მწვრთნელი იყო.
გ. ქორქია