ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები, პიროვნების, როგორც საზოგადოების წევრის, მორალური, სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი სტატუსი.   ბრძოლა ადამიანის უფლებებისათვის საზ-ბაში, განსაკუთრებით პოლიტ. ცხოვრებაში, პიროვნების ღირსეული ადგილის მოპოვებისათვის, მიუხედავად მისი ეროვნების, სქესის, წარმოშობისა და ა. შ. კაცობრიობის მთელი ისტ. განუყოფელი ნაწილია. ყოველი დიდი საზ. მოღვაწე, ჰუმანისტი თუ დემოკრატი პირველ რიგში ა. უ-ის აღიარებასა და განმტკიცებას ქადაგებდა. ბურჟ. რევ. იდეოლოგებმა ა. უ-თა კონცეფციებს ახ. შინაარსი შესძინეს („თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“), თუმცა მქონებელთა ინტერესები პრიორიტეტულ როლს თამაშობდა.

     ყოველ პიროვნებას აქვს თანდაყოლილი უფლებები საზ-ბის ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ ეს უფლებები არ არის „დროსა და სივრცეში უცვლელი“.  „ბუნებით ნაჩუქარი უფლებები“ არ არსებობს, მათი შინაარსი იცვლება საზ.-ეკონ. ფორმაციების მიხედვით, რასაც გვიდასტურებს კაცობრიობის განვითარების ყოველი ეტაპი – პირველყოფილ თემური საზ-ბიდან დღემდე; პიროვნების სამართ. დაცვა, ადამიანების პოლიტ., ეკონ. და სოც. უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების გარანტიების განმტკიცება საზ-ბის დემოკრატიზაციის უმნიშვნელოვანესი პირობაა და პირიქით, რაც უფრო დემოკრატიულია ეკონ. წყობა და პოლიტ. ინ-ტები, მით უფრო მტკიცეა ა. უ-თა რეალური დაცვა.

     თანამედროვე საერთაშ. სამართალში არსებობს მთელი რიგი კონვენციები, რ-ებიც აწესებენ ა. უ-ის საერთაშ.-სამართ. სტანდარტებს სამოქალაქო, პოლიტ., ეკონ., სოც. და კულტ. დარგში. ყველა სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს სტანდარტები თავის საშინაო პოლიტიკაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა (გაერო) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის  ჰელსინკის თათბირის მიერ შექმნილ ინ-ტებში ჩამოყალიბებულია ა. უ-ის განმტკიცებისა და განვითარების წახალისების მთელი სისტემა. ა. უ-ის განმტკიცება და განვითარება მხოლოდ სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის საფუძველზე შეიძლება ხდებოდეს. ყოველი სახელმწიფოს ცდა ჩაერიოს სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში „ადამიანის უფლებათა“ დაცვის მიზნით, უკანონოა და საერთაშ. დაძაბულობას იწვევს. მაგრამ აპართეიდი, გენოციდი, ა. უ-ის მასობრივი დარღვევა, ეთნოკონფლიქტები და ა.შ. აძლევს საერთაშ. საზ-ბას, პირველ რიგში გაეროს და ჰელსინკის აქტის მონაწილე სახელმწიფოებს, უფლებას ჩაერიოს მთავრობის „საშინაო“ პოლიტიკაში და არამარტო მორალურ-პოლიტიკურად, არამედ სანქციებით აიძულოს დაიცვას პიროვნების უფლებების არსებული სტანდარტები. ეს ახ. ტენდენცია სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. საქართველოს რესპუბლიკა აქტიურად ებმება ამ პროცესში. მას შემდეგ, რაც საქართვ. რესპუბლიკა გახდა გაეროს და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის სრულუფლებიანი წევრი და შეუერთდა ყველა ძირითად კონვენციას, მან ივალდებულა გაეროს წესდებით, ჰელსინკის თათბირის დასკვნითი აქტით, პარიზის  ქარტიითა და სხვა საერთაშ. დოკუმენტებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, მ. შ. ეროვნ. უმცირესობათა ეროვნ. თვითმყოფადობის განვითარების უზრუნველყოფა. ყოველივე ეს განამტკიცებს საქართველოს საერთაშ. ავტორიტეტს.

     იხ. აგრეთვე მოქალაქის ძირითადი უფლება-მოვალეობანი.                         

                                                                                                                             ლ. ალექსიძე