ალფ-არსლანის ლაშქრობანი საქართველოში 1064, 1068, სელჩუკიანი თურქების შემოსევები სულთან ალფ-არსლანის (1063–73) მეთაურობით. XI ს. დასაწყისიდან სელჩუკთა მარბიელი ლაშქარი გამუდმებით დათარეშობდა სამხრ. კავკ. ქვეყნებში. საქართველოს ალფ-არსლანი პირველად 1064 ივნ.-ივლ-ში შემოესია. ამ ლაშქრობაში მონაწილეობდნენ არანის, შირვანისა და სხვა მხარეთა გამგებლებიც. ალფ-არსლანი ახალქალაქს მოადგა. მესხებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ. მოსახლ. მთებს შეეხიზნა. ალფ-არსლანი ქართველთაგან ხარკს მოითხოვდა. ბაგრატ IV მზად იყო ქვეყნის გადასარჩენად ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ხარკის გადახდა არ იკისრა. 1068 ალფ-არსლანი მეორედ შემოესია საქართველოს, კახეთი ააოხრა და დიდძალი სიმდიდრე იგდო ხელთ. კახთა მეფე აღსართან I-მა სულთანს მორჩილება აღუთქვა, დიდი საჩუქრით ეახლა, გამაჰმადიანდა და ხარკის გადახდაც იკისრა. შემდეგ აღსართანის, სომეხთა მეფის კვირიკესა და თბილ. ამირას თანხლებით ალფ-არსლანი ქართლს შეესია და ააოხრა. საქართველო მოთარეშე სელჩუკებით აივსო. დას. საქართველოში მტრის წინსვლა შეაჩერა ქართველების მედგარმა წინააღმდეგობამ სვერის ციხესთან. ამ ლაშქრობათა შედეგად სელჩუკთა ხელში გადასული ხორნაბუჯი, არადეთი, გაგი, აგარანი, ქავაზნი და სხვ. ალფ-არსლანმა უკან გაბრუნებისას განძის ამირა ფადლონს გადასცა. მასვე უბოძა თბილისი და რუსთავი. ალფ-არსლანის წასვლის შემდეგ ბაგრატმა ბრძოლით დაიბრუნა დაკარგული მიწა-წყალი.
ლიტ.: შენგელია ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
ნ. შენგელია