ამასიისკი იგორ ვლადიმერის ძე (1. IX. 1923, კრასნოდარი, _ 1. IX. 2000), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). სპეციალური პროფესიული განათლება არ მიუღია. მუშაობდა საქართვ. ქრონიკალურ-დოკ. და სამეცნ.-პოპულარული ფილმების სტუდიაში, გადაიღო დოკ. ფილმები ალპინისტებზე: „პამირის მწვერვალთა დამპყრობნი“ (რეჟ. ზ. გუდავაძე, 1955), „კიდევ ერთი იერიში პამირზე“ (რეჟ. შ. ხომერიკი, 1957) და რამდენიმე ქრონიკალურ-დოკუმენტური სიუჟეტი. 1957-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კომბინგადაღების ოპერატორად და ოპერატორის ასისტენტად. როგორც დამდგმელმა ოპერატორმა გადაიღო 20-ზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, მათ შორის: ლ. გორდელაძის „ლევანა“ (1960) და „თეთრი ქალიშვილი“ (1962), გ. შენგელაიას „ჯილდო“ (1965) და „მაცი ხვიტია“ (გ. კალატოზიშვილთან ერთად, 1966), რ. ჭარხალაშვილის „ბედის უკუღმართობა“ (1968), „მეზობლები“ (1971), „ზღვის მგელი“ (1972), „კიბე“ (1975), „სოფლის აშიკი“ (1976), „მეცამეტე გოჭი“ (1979), ნ. მანაგაძის „საერთო კედელი“ (1972) და „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974), ა. ჟღენტის „ამბავი აფხაზი ჭაბუკისა“ (1977), დ. აბაშიძის „ყვარყვარე“ (1978) და „ყველა კომეტა როდი ქრება“ (1982), გ. ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ (1984), ზ. ურუშაძის „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989) და „აქ თენდება“ (1998), ლ. ანჯაფარიძის „ორმაგი სახე“ (1997) და სხვ.
მ. კერესელიძე