ამირეჯიბი თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე (30. IX. 1927, თბილისი, – 9. III. 2013, იქვე), პიანისტი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1982). 1950 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები), 1953 – თბილ. კონსერვ. ასპირანტურა (ხელმძღვ. ა. თულაშვილი), 1952-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში (1972-იდან იყო სპეც. ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1977-იდან – პროფესორი). მისი მოწაფეები იყვნენ საერთაშ. კონკურსების ლაურეატები – მ. დოიჯაშვილი, ე. ბოლქვაძე, ა. კორსანტია. სტუდენტობის წლებიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. ა-ის პიანისტური ხელოვნება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალობით, ვირტუოზულობით. განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა შოპენის ნაწარმოებებს. ეწეოდა ქართ. მუსიკის პროპაგანდას (იყო ს. ნასიძის I და II საფორტეპიანო კონცერტების პირველი შემსრულებელი). რუსეთის ფირმა „მელოდიამ“ გამოუშვა გრამფირფიტა-გიგანტი ა-ის ჩანაწერებით (ფ. შოპენისა და ს. პროკოფიევის ნაწარმოებები). მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1992).
გ. ტორაძე