ამიერკავკასიის კომისარიატი, ამიერკავკასიის პირველი მთავრობა, 1917 წ. 15 ნოემბრიდან 1918 წ. 9 აპრილამდე. ამიერკავკ. პარტიებმა [სოციალისტ-ფედერალისტები, დაშნაკები, მუსავატელები, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები), კადეტები, ეროვნულ-დემოკრატები] გადაწყვიტეს დამოუკიდებელი სამხარეო ხელისუფლება შეექმნათ. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერდნენ აშშ-ის, ინგლ. და საფრ. მმართველი წრეები. 1917 წ. 11 ნოემბ. თბილისში ჩატარდა პოლიტ. პარტიების წარმომადგენელთა თათბირი, რ-შიც ანტანტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდენენ. შეიქმნა ამიერკავკ. კომისარიატი სოციალ-დემოკრატ ე. გეგეჭკორის თავ-რეობით. ა. კ-ის ბრძანებით სამხ. ნაწილებმა ხელთ იგდეს არსენალი. მან გამოსცა დეკრეტები მიწის, ამიერკავკასიაში საერობო თვითმმართველობის შემოღების, წოდებების გაუქმების, 8-საათიანი სამუშაო დღის დაწესების, დროის ერთი საათით გადაწევის შესახებ და სხვ. დააწესა კონტროლი წარმოებასა და განაწილებაზე, მიიღო გადაწყვეტილება საგარეო სესხის მოსაგვარებლად. მანვე, საფინანსო მდგომარეობის გათვალისწინებით, დაადგინა ბონების გამოშვება. ა. კ-ის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებდა კეთილმეზობლურ თანამშრომლობას ყველა ქვეყანასთან. კავკასიის ფრონტზე ომის შეწყვეტის მიზნით მიიღო დეკრეტი ჯარისკაცთა და ოფიცერთა სამსახურის პირობათა შეცვლის შესახებ და დაიწყო მოლაპარაკება კავკასიის ფრონტებზე ოსმალეთის ჯარების მთავარსარდლობასთან. მოლაპარაკებაში მონაწილეობისათვის მოიწვია ჩრდ. კავკ. რესპუბლიკების მთავრობები. მაგრამ მათ დააგვიანეს და ამიტომ დამოუკიდებლად მოაწერა ხელი ოსმალეთთან დროებით საზავო შეთანხმებას ერზინჯანში (1917 წ. 5 დეკ.). ა. კ-ის ბრძანებით მისი შეიარაღებული ძალები სადგ. შამქორთან (განჯის მახლობლად) და სადგ. ხაჩმაზთან (ბაქოს მახლობლად) თავს დაესხნენ კავკ. ფრონტიდან შინ მიმავალ ჯარის ნაწილებს და მოინდომეს მათი განიარაღება. დაიხოცა და დაიჭრა ათასობით ჯარისკაცი. ამიერკავკასიის მთავრობა მიიწვიეს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო კონფერენციაზე, მაგარამ მას მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია. ა. კ-მა ავტორიტეტული ხელისუფლების შექმნის მიზნით მოიწვია ამიერკავკასიის სეიმი, რ-ის გადაწყვეტილებით ა. კ-მა რწმუნებანი ფედერ. მთავრობას გადასცა (იხ. ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა).
ა. სურგულაძე
ფ. სიხარულიძე