„აღზევანს მივალ“ (ან „აღზევანს წავალ“), ქართული ხალხური სიმღერა. ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქართველოში. სიმღერა ურმულის ტიპისაა და, როგორც ყველა ურმული, ერთხმიანია. დაკავშირებულია ნატურალური მეურნ. განვითარების იმ ხანასთან, როდესაც საქართველოში მარილი ურმით შემოჰქონდათ აღზევნიდან (თურქ.). ვრცელ ტექსტში გადმოცემულია მეურმის ტრაგიკული თავგადასავალი. სიმღერას ქართლსა და კახეთში ერთიმეორისაგან განსხვავებული მელოდიები აქვს, სრულდება ინდივიდუალურად. ახასიათებს ფართო, მდიდრულად ორნამენტირებული მელოდიკა. მელოდიური ხაზი ძირითადად დაღმავალი მიმართულებით ვითარდება. სიმღერაში გამოიყოფა კვარტით დაშორებული ორი ტონალური ცენტრი (იხ. აგრეთვე ურმული).
ი. ჟორდანია