აშოტ I (გ. 891), სომხეთის მეფე (886-იდან), ბაგრატუნების დინასტიის დამაარსებელი. 859 პოლიტიკურად დასუსტებული არაბთა სახალიფო იძულებული იყო სპარაპეტი (მხედართმთავარი) ა. I სომხ. მთავართა მთავრად (იშხანაციშხანი) ეცნო. ა. I სათავეში ჩაუდგა სომხ. განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლას, დაიმორჩილა მსხვილი ფეოდალები, შექმნა 40-ათასიანი ლაშქარი და ეკლესიის მხარდაჭერაც მიიღო (875 საეკლ. კრებამ დაადგინა მისი მეფედ გამოცხადება). 80-იან წლებში ა. I-მა მიაღწია სომხ. დამოუკიდებლობას არაბებისაგან. ამავე დროს ა. I აქტიურად ჩაება ქართ. სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ქართლისათვის და ქვემო ქართლის ნაწილი – გუჯარეთი მიიერთა. თავიანთი პოლიტ. მიზნების მისაღწევად ა. I-თან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდათ დავით კურაპალატსა და მის ძეს ადარნასეს. 886 არაბთა სახალიფომ და ბიზანტ. იმპერიამ ა. I-ს მეფედ აღიარების ნიშნად სამეფო გვირგვინები გამოუგზავნეს.
ლ.-ნ. ჯანაშია