ბოკერია გიორგი ლავრენტის ძე [8 (20). V. 1868, სოფ. გეზათი, ახლანდ. აბაშის, მუნიციპ-ი, – 24. III. 1947, იქვე], პედაგოგი, მწერალი და საზ. მოღვაწე, გ. წერეთლის დისშვილი. 1889 დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა ჩოხატაურის სკოლაში მასწავლებლად, შემდეგ კი სამიქაოს, ძველი სენაკის, ქუთ. და ხონის სკოლებში, ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ, აბაშის მთლიანი შრომის და რკინიგზის სკოლებში მასწავლებლად. ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1911 სამშობლოდან განდევნეს და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა აზერბაიჯანში. რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ავტორია ნარკვევებისა და წერილებისა: „სოფლად ყვავილ-ბატონების გავრცელების მიზეზები და მასთან ბრძოლა“ (1885), „შემოდგომა გურიაში“, „შობა ღამე სოფელში“ (1899) და სხვ. თარგმნა ა. მაიკოვის პოემა „კლერმონტის კრება“, ვ. ჟუკოვსკის „ხელთათმანი“ (1889).
ა. სამადაშვილი