ბოკერია ლეონიდე ანტონის ძე (დ. 21. XII. 1939, ოჩამჩირე), კარდიოქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1975). რუსეთის მეცნ. აკადემიის (2011) და მედ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1994). რუსეთის ფედერაციის დამს. მოღვაწე (1994). 1965 დაამთავრა მოსკ. ი. სეჩენოვის სახ. I სამედ. ინ-ტი. 1968-იდან რუსეთის მედ. მეცნ. აკადემიის ა. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. ინ-ტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1974–77 – ამავე ინ-ტის ჰიპერბარული ოქსიგენაციის ლაბორ. ხელმძღვანელი; 1977-იდან – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, ერთდროულად იყო გულის არითმიის განყ-ბის ხელმძღვანელი. 1994‒2019 – დირექტორი. 2019-იდან ა. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა სამეცნ. ცენტრის პრეზიდენტია. ძირითადი შრომები ეხება ჰიპერბარული ოქსიგენაციის, არითმიისა და ექსპერ. ქირურგიის საკითხებს, მათემატიკურ მოდელირებას და სხვ. ჰიპერბარული ოქსიგენაციის შესწავლისა და ამ მეთოდის ქირურგიაში დანერგვისათვის ვ. ბურაკოვსკისთან და ვ. ბუხარინთან ერთად 1976 მიენიჭა ლენინური პრემია. სსრკ სახელმწ. პრემია (1986). რუსეთის ფედერაციის სახელმწ. პრემიის (2002) და რუსეთის ფედერაციის სამთავრობო პრემიის (2003) ლაურეატი. ი.მ. სეჩენოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. I სამედ. უნ-ტის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის გამგე.
ბ-ს სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: არითმიის ქირურგია, გ.ი.დ. (გულის იშემური დაავადების ) ქირურგია, გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები, გულზე ოპერაციისას ლაზერის გამოყენება და სხვ.
ბ. არის თორაკალური ქირურგ. ამერიკ. ასოციაციის წევრი (1991), გულმკერდის და გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. ევროპული საზ-ბის და მონაკოს კარდიოთორაკალური საერთაშ. ცენტრის წევრი (1992); სერბეთის აკად. წევრი (1997). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999), არის „თბილისის საპატიო მოქალაქე“ (1999) და სხვ.