ბალანჩივაძე ვასილ ანტონის ძე [12 (24). IV. 1867, სოფ. ბანოჯა, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 18. V. 1951, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1950). მ. ბალანჩივაძის ძმა. სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 თბილისში ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887–90 სწავლობდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში. 1890 – 91 იყო თბილ. ქართ. თეატრის, 1891–94 – ქუთ. თეატრის მსახიობი (1921-იდან –ხელმძღვანელი). 1924–29 – თბილ. სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929–35 – თბილ. ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით. უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ბესო (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ბენ აკიბა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას „და-ძმა“), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), გელა (ა. წერეთლის „პატარა კახი“); მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი სცენური სახეებია ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“). 1935–42 „სახკინმრეწვის“ მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი, რეჟ. დ. რონდელი, 1937), „ქალიშვილი გაღმიდან“ (ოსმანი, რეჟ. ლ. ესაკია, 1940), „ჭირვეული მეზობლები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1945), „ქეთო და კოტე“ (რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი, შ. გედევანიშვილი, 1948) და სხვ. ბ., ქართ. ესტრადის ერთ-ერთი გამოჩენილი მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები“) ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905 წელი“, „გლეხი ივლიანე გობეჩია“, „უბედური დღე“, „აჭარელი ქალი ფატიმა“, „მზის სხივები“, „დაუდევრობის მსხვერპლი“ და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
შ. ცუცქირიძე